პროფესიული განათლება სკოლებში

“ახალი ხედვა” - X-კლასელები პროფესიული განათლების საგნებსაც აირჩევენ

საქართველოს მთავრობამ სკოლებში პროფესიული განათლების შესახებ ახალი ხედვა წარადგინა. განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, განათლების საშუალო საფეხურზე არჩევით-სავალდებულო ნაწილად დაემატება ე. წ. ინტეგრირებული პროგრამები - მოსწავლეებს მე-10 კლასიდან ექნებათ შესაძლებლობა, სკოლის საგნებთან ერთად აირჩიონ კონკრეტული პროფესიის საგნები. გიორგი ამილახვარის თქმით, 2024 წლიდან შეირჩევა “პირველი დიდი, ძლიერი” საპილოტე სკოლები, სადაც დაიწყება პროფესიული განათლების დანერგვის პროცესი. მინისტრი ფიქრობს, რომ რამდენიმე წელში “მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება ეს ფრონტი, სადაც საბოლოო ჯამში მივიღებთ ყველა სკოლაში პროფესიულ განათლებას”. 

“მოსწავლე სკოლის საგნების პარალელურად დაეუფლება ერთ კონკრეტულ პროფესიას და სკოლის დამთავრებისთანავე, მას შესაძლებლობა ექნება, დასაქმდეს შრომით ბაზარზე, წამოიწყოს თავისი მცირე ბიზნესი ან სურვილისამებრ, გააგრძელოს მოღვაწეობა გნებავთ პროფესიული განათლების მიმართულებით, ან უმაღლესი განათლების მიმართულებით” - თქვა განათლების მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს არის “ყველაზე დიდი სიახლე და ინოვაცია” სკოლებში.

პროფესიული განათლების ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე პრემიერმინისტრმა და  განათლების მინისტრმა თქვეს, რომ ახალი ინიციატივის მიხედვით სახელმწიფო ბიზნესს სთავაზობს თანაინვესტირების პროგრამას. 

“ბიზნესს,  საზოგადოებას წარვუდგენთ ახალ შეთავაზებას. ეს არის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებული წინაადადება კერძო სექტორისთვის, რომელიც პროფესიულ განათლებაში, სახელმწიფოს მხრიდან, ინოვაციურ მიდგომას ითვალისწინებს. ეს არის რეალური საჯარო-კერძო პარტნიორობის შეთავაზება, რომელიც გულისხმობს პროფესიულ განათლებაში, ჩვენ მიერ, თქვენთან ერთად ინვესტიციის ჩადებას, ამასთან, თქვენთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებას და დასაქმების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას” - თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და “პრესტიჟის გაზრდა”. 

“ ჩვენ აქტიურად ვიწყებთ პროფესიული განათლების ინტეგრირებას სკოლებში, რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს, შესძენს მათ კონკრეტულ პროფესიას და ამის შემდეგ უკვე მათ ექნებათ საშუალება, რომ გადაწყვიტონ თავად, გააგრძელონ თუ არა სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე”, -  განაცხადა პრემიერმინისტრმა.

გიორგი ამილახვარის ცნობით, 15 ნოემბრიდან ბიზნეს ჯგუფებს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი იდეებით მიმართონ განათლების სამინისტროს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში - როგორ შეძლებენ ადამიანების გადამზადებას და შემდგომ დასაქმებას.

“გთავაზობთ, ერთობლივად შევქმნათ და განვახორციელოთ პროფესიული განათლება, ჩვენ, როგორც  ტექნიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, ისე მეთოდური და პროგრამების შექმნის ნაწილში მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, მათ შორის, ჩავდოთ ინვესტიცია. აქ მნიშვნელოვანი არის ასევე პარტნიორი ორგანიზაციების და დონორების მონაწილეობაც. დღეიდან ყველა დაინტერესებულ მიმართულებაზე ღია კარი გაქვთ სამინისტროში, რათა ნებისმიერ ფორმატში დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა” - თქვა განათლების მინისტრმა. 

პროფესიული განათლების ახალი პროგრამის ფარგლებში, მინისტრის განცხადებით, გადაიხედება არსებული მიმართულებებიც და მოერგება ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების საჭიროებებს. შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გამოიყო რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, რომელშიც მთავრობა პირველად ინვესტირებას გააკეთებს. 

“ეს გახლავთ ტურიზმი და მასპინძლობა, სატრანსპორტო მიმართულება, IT მიმართულება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ჯანდაცვა, ინფორმაცია და კომუნიკაციები და მშენებლობა. ეს გახლავთ დარგები, რომელშიც საკმაოდ დიდია მოთხოვნა და დაინტერესება” - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ზემოთჩამოთვლილი პრიორიტეტების გარდა “სხვა მიმართულებებსაც” განიხილავენ.

გიორგი ამილახვარის თქმით, მომავალი ორი წლის განმავლობაში პროფესიული განათლების საკვალიფიკაციო პროგრამები განახლდება, ასევე, შეიქმნება 20 ახალი კვალიფიკაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

“ჩვენ ორი წლის შემდგომ, 2025 წლიდან გვინდა გადავიდეთ ახალი დაფინანსების მოდელზე, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება ხარჯთეფექტური და თითოეული თეთრი ჩადებული ინვესტიცია წავა პირდაპირ შედეგებში, ანუ დასაქმებაში და მეორე, ეს იქნება მიღწევებზე, ე. წ. performance based დაფუძნებული დაფინანსება, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ხარჯთეფექტურობას და მეორე მხრივ, პირდაპირ შედეგების დაფინანსებას, რომელსაც კოლეჯები მიაღწევენ… ახალი კვალიფიკაციების კვალდაკვალ 2 წელიწადში გვექნება ახალი დაფინანსების მოდელიც” - თქვა მინისტრმა. 

გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ იგეგმება მასწავლებლების გადამზადებაც. 

“ჩვენ გვინდა, პრიორიტეტული შერჩეული სექტორებიდან ავარჩიოთ საუკეთესო მასწავლებლები და გავაგზავნოთ ისინი ყველაზე მაღალი დონის პროფესიული განათლების ქვეყნებში, სადაც [სექტორი] განვითარებულია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად. იქ ადგილზე ავუმაღლოთ მათ კვალიფიკაცია. შემდგომ წელს იგეგმება 50 მასწავლებლის გადამზადება და დაბრუნება საქართველოში, რომლებიც, აქ ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, თავის მხრივ, იქნებიან ტრენერები და უკვე თავიანთ კოლეგებს ადგილზე გადაამზადებენ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო ფართო რაოდენობაზე გვქონდეს ხელმისაწვდომობა. ბუნებრივია, ეს არ იქნება ერთჯერადი, გაგრძელდება შემდგომ წლებშიც. უახლოესი, რაც დაგეგმილი გვაქვს, ეს არის 50 [მასწავლებლის] გადამზადება, რაც თავის მხრივ, რამდენიმე ათასის გადამზადებას უზრუნველყოფს კიდევ” - თქვა მინისტრმა პრეზენტაციაზე.

გიორგი ამილახვარმა 2023 წლის მარტში, მინისტრად წარდგენისას აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება “პრიორიტეტულ მიმართულებად” გამოცხადდებოდა.

კომენტარები