გროზის დაბომბვა

გროზა – უკრაინული სოფელი, რომელშიც ყოველი მე-6 დაიღუპა

გროზის დაბომბვა

გროზა – უკრაინული სოფელი, რომელშიც ყოველი მე-6 დაიღუპა

5 ოქტომბერს რუსეთ-უკრაინის ომის ისტორიის კიდევ ერთი სისხლიანი ფურცელი დაიწერა, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე. პუტინის რეჟიმის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ ომის დანაშაულს ორი დღის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტის ფონზე მკითხველმა შესაძლოა სათანადო ყურადღება არ დაუთმო. გთავაზობთ გროზის დაბომბვის სრულ ისტორიას.

სარაკეტო იერიში

5 ოქტომბერს, კიევის დროით 13:15 საათზე, ისკანდერის ტიპის რაკეტამ ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაში კაფე და სასურსათო მაღაზია გაანადგურა. კაფეში ომში დაღუპული სამხედროს გადმოსვენებისადმი მიძღვნილი ქელეხი მიმდინარეობდა. იერიშის შედეგად დაიღუპა 59 და დაშავდა 6 ადამიანი. სულ გროზაში 330 ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბომბვას სოფლის ყოველი მე-6 მაცხოვრებელი შეეწირა. 

პირველადი მონაცემებით ადგილზე 49 ადამიანი დაიღუპა, რიცხვი მოგვიანებით, დნმ-ის ანალიზის პასუხების მოსვლის შემდეგ 59-დე გაიზარდა. გროზა  მშვიდობიანი მოსახლეობის რიგით მეორე ყველაზე სისხლიანი დაბომბვაა მიმდინარე ომის ორწლიან ისტორიაში, 2022 წლის 8 აპრილს კრამატორსკის რკინიგზის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 61 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. 

სარაკეტო იერიშის ადგილას დაღუპულთა პირადი ნივთები

უკრაინის, რუსეთისა და დასავლეთის რეაქცია

გროზის ამბავს ძალიან მალე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ქვეყნის პირველმა პირმა დაბომბვას “მხეცური” უწოდა.

"დღეს რუსმა ტერორისტებმა მიიტანეს იერიში, რომელსაც მხეცურსაც ვერ დავარქმევ. იმიტომ, რომ ამით შეურაცხყოფას მივაყენებ მხეცებს. შეგნებული სარაკეტო დარტყმა ხარკოვის სოფლის უბრალო კაფესა და მაღაზიაზე. შეუძლებელია, რუს სამხედროებს არ სცოდნოდათ, რას ურტყამენ. ეს არ იყო ბრმა დარტყმა. ხალხი იქ გარდაცვლილის მოხსენიებისთვის შეიკრიბა. ეს იყო ქრისტიანული, ხსოვნის სადილი. მათთვის რაკეტის სროლა აბსოლუტური ბოროტებაა". - ამბობს ზელენსკი. 

დასავლელი დიპლომატებიდან შეფასება ერთ-ერთმა პირველმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა და დაბომბვას ომის დანაშაული უწოდა.

"რუსეთის მხრიდან უკრაინის მოქალაქეების მიმართ მიმდინარე საშინელი ტერორი არ სუსტდება და დღეს ახალ სიმაღლეს მიაღწია. 

ეს იყო კიდევ ერთი საზიზღარი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეებზე. ერთ-ერთი იმ ყოველდღიური თავდასხმებიდან, რომელთაც ფრონტის ხაზთან ახლოს რუსეთი აწარმოებს. 

მშვიდობიან მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმა ომის დანაშაულია. რუსეთის ხელმძღვანელობა, ყველა მეთაური, შემსრულებელი და თანამონაწილე დაისჯება. ომის დანაშაულისთვის არავინ დარჩება დაუსჯელი". - დაწერა ბორელმა ევროკავშირის დიპლომატიური სერვისის ოფიციალურ საიტზე.

გარდა ამისა ჩეხეთმა და ავსტრიამ გროზის დაბომბვის საკითხზე დაიბარეს რუსეთის ელჩები, ხოლო გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ სპეციალური ჯგუფი შექმნა და სარაკეტო იერიშის გამოსაძიებლად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა. 1 ნოემბერს გაეროს ადამიანის უფლებების მიმართულებით უმაღლესი კომისარის სამმართველომ დაადასტურა, რომ გროზაში 59-ვე დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე იყო. 

სოფელ გროზის სასაფლაო დაბომბვის შემდეგ

რუსეთმა ოფიციალური განცხადება 9 ოქტომბერს გაეროში გააკეთა, როდესაც უკრაინამ გროზის დაბომბვის საკითხზე უსაფრთხოების საბჭო მოიწვია. გაეროში რუსეთის ელჩის ვასილი ნებეზნიას თქმით, კაფეში “უკრაინელი ნაცისტები” იმყოფებოდნენ.

"ცნობილია, რომ დარტყმის მომენტში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი უკრაინელი ნაციონალისტის ქელეხი მიმდინარეობდა. იქ ნაცისტების არაერთი ხელქვეითი იყო შეკრებილი. გამოქვეყნებულ ფოტოებზეც ჩანს წვევამდელი ასაკის კაცების გვამები. 

კიევის რეჟიმს ადრეც დავუდანაშაულებივართ მაღაზიების, კაფეებისა და სასტუმროების დაბომბვაში. მერე კი გამოჩენილა ნეკროლოგები, რომლებშიც უცხოური გვარებიც ფიგურირებს" – ამბობს ნებეზნია.

რეალურად "უკრაინელი მაღალჩინოსანი" ანდრეი კოზირი რიგითი ჯარისკაცია, რომელიც ომამდე პოლონეთში, შვილთან, დენისთან ერთად, სამუშაოდ იყო წასული. ომის დაწყების შემდეგ მამა-შვილი უკრაინაში დაბრუნდა და შეიარაღებული ძალების რიგებში ჩაეწერა. ანდრეი ფრონტზე წასვლიდან 3 დღეში დაიღუპა, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, მოხალისეს ასეთ მცირე დროში მაღალი სამხედრო წოდებისთვის მიეღწია. ის დაღუპვის ადგილას, დნეპროპეტროვსკში დაკრძალეს, ვინაიდან მშობლიური გროზა იმ დროს რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული (უკრაინელებმა 2022 წლის შემოდგომაზე გროზა გაათავისუფლეს). 2023 წლის 5 ოქტომბერს ანდრეი მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს, ხოლო კაფეში არა "ნაცისტების ხელქვეითები", არამედ მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და უბრალოდ თანასოფლელები იყვნენ შეკრებილები. 

რაც შეეხება დენისს, მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ კიდევ 2022 წელს დატოვა შეიარაღებული ძალების რიგები. დენისი სარაკეტო იერიშისას, მამის ქელეხში დაიღუპა, რუსებმა იმავე რაკეტით მოკლეს მისი დედა, 20 წლის ცოლი და სიდედრ-სიმამრი.

გროზელები

სარაკეტო იერიშის შემდეგ, 5-8 ოქტომბერი ხარკოვში გლოვის დღეებად გამოცხადდა.  ამ შუალედში ადგილზე გამოცემა Babel-ისა და Reuters-ის ჟურნალისტები ჩავიდნენ.

"სოფელი გროზა - ეს არის სამი ქუჩა და 100 სახლი. კაფე და სურსათის მაღაზია ცენტრში იყო, მათ ადგილზე აღარაფერია დარჩენილი. ადგილობრივებმა იმპროვიზებული მემორიალი აღმართეს. სოფელში გვამის მკვეთრი სუნი იგრძნობა. გროზის ცენტრიდან 400 მეტრში პატარა სასაფლაოა, მას 1.5-ჯერ გაზრდიან, რომ 5 ოქტომბერს დაღუპული ადამიანები დაკრძალონ". - წერს გამოცემა Babel-ის ჟურნალისტი.

Reuters-ის ჟურნალისტები სოფელ გროზის გადარჩენილ მოსახლეობას გაესაუბრნენ.

"სჯობს, მე დავღუპულიყავი. ღმერთო, ასე რისთვის მსჯი. მიგყავს შვილი და ტოვებ მშობელს". - ამბობს დაბომბვის დროს დაღუპული 36 წლის ოლგას მამა. დაიღუპა ოლგას ქმარიც, წყვილს სამი შვილი დარჩა. 

"ერთ ქუჩაზე, რომელზეც ჩვენი მშობლები ცხოვრობდნენ, 18 ადამიანი დაიღუპა". - ამბობს გროზელი ევგენი პიროჟოკი.

"აფეთქების დროს ადგილზე არ ვიყავი. მაშინ მივხვდი ყველაფერს, ძმამ რომ ტელეფონზე დიდხანს არ მიპასუხა. მერე ძმისშვილს დავურეკე და მითხრა - დედა, მამა, ბებია ნანგრევებში მოყვნენ. ჩემი ძმა, დედა და რძალი აქ არიან. ძმის ცხედარი იპოვეს, დანარჩენების ჯერ ვერა". - ამბობს ალექსანდ მუხოვატი, რომელმაც ერთ დღეს ოჯახის 3 წევრი დაკარგა.

განადგურებული კაფის ადგილას გროზელების მიერ დადგმული დროებითი მემორიალი

ეჭვმიტანილები

11 ოქტომბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სოფელ გროზის დაბომბვის კოორდინირებაში ეჭვმიტანილი პირები გამოავლინა. 

"ბოროტმოქმედი ორი ადგილობრივი მოსახლეა - 30 წლის ვლადიმირ მომონი და მისი 23 წლის ძმა დმიტრი მომონი. რეგიონის ოკუპაციის დროს ისინი რუსების მხარეს გადავიდნენ და მიიღეს "თანამდებობები" ე.წ. ხარკოვის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა დეპარტამენტში. ერთი მათგანი საბადრაგო ჯგუფის მძღოლი გახდა, ხოლო მეორე საგზაო-საპატრულო სამსახურის ინსპექტორი. დეოკუპაციის წინ ისინი ნათესავებთან, რუსეთში გაიქცნენ, საიდანაც უკრაინის წინააღმდეგ მუშაობა გააგრძელეს. სოციალურ ქსელებში მეგობრული მიმოწერის ფარგლებში ისინი ძველი ნაცნობებისგან იღებდნენ ინფორმაციას და მტერს აწვდიდნენ. მათ შეიტყვეს უკრაინელი სამხედროს გადმოსვენების შესახებ და კოორდინატები რუსებს მიაწოდეს. მათ იცოდნენ, რომ სარაკეტო შეტევის შედეგად დაიღუპებოდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი ნაცნობები, მათ შორის ისინი, ვინც ძმებს ინფორმაცია მიაწოდა" – აცხადებს  უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

უწყების მიერ გამოქვეყნებული "სქრინშოთების" მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვლადიმირ მომონს ეგონა, რომ კოზირის მოსახსენიებელ საღამოზე სამხედროები შეიკრიბებოდნენ. მან მოტყუებით გამოჰკითხა თავისი თანასოფლელები და გაარკვია ქელეხის დრო და ადგილი. დაბომბვის შემდეგ ვლადიმირს წერს მისი ძმა დმიტრი და ეუბნება, რომ "სამხედროები არ იყვნენ, 30 მშვიდობიანი მოკვდა". 

მოგვიანებით დმიტრი თავის ცოლს წერს, რომ მისმა ძმამ საშინელი შეცდომა დაუშვა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი, მათ შორის მათ საერთო ნაცნობების დაღუპვა მოჰყვა.

უკრაინის პროკურატურამ ასევე ძებნა გამოაცხადა მესამე ძმაზეც, ალექსანდრ მომონზე, რომელიც ოკუპაციის შემდეგ რუსების კოლაბორაციონისტი გახდა.

სოფელ გროზის დაბომბვაში ეჭვმიტანილები ვლადიმირ მამონი, დმიტრი მამონი

 

კომენტარები