მიანმარი

მიანმარში დევნილთა ბანაკზე საარტილერიო თავდასხმას, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დევნილთა ბანაკზე საარტილერიო თავდასხმას, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები.

დევნილთა ბანაკი კაჩინთა დამოუკიდებელი ორგანიზაციის (KIO) კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამბოხებული დაჯგუფება ქვეყნის მმართველ ხუნტას ებრძვის.

როგორც ორგანიზაციის სპიკერმა BBC-სთან საუბრის დროს აღნიშნა, თავდასხმის შედეგად დაღუპული ადამიანები მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

კაჩინთა წარმომადგენლების თქმით, ხუნტის მიერ დაჯგუფებაზე თავდასხმები ბოლო წლებში გახშირდა, რადგან ხუნტის წინააღმდეგ მებრძოლი სხვადასხვა ამბოხებული ჯგუფების მხარდაჭერა სულ უფრო იზრდება.

ქვეყნიდან გაძევებულმა ეროვნული ერთიანობის მთავრობამ (NUG) თავდასხმა "ომის დანაშაულად და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად" შეაფასა.

მიანმარის მმართველი ხუნტა კი აცხადებს, რომ მათ თავდასხმასთან კავშირი არ ჰქონიათ, რადგან არმია "აღნიშნულ მხარეში" ოპერაციებს არ აწარმოებს. მისივე თქმით, ბანაკის ნგრევა "სავარაუდოდ" ადგილზე შენახული ასაფეთქებელი ნივთიერებების აფეთქებას მოჰყვა.


2021 წლის პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალები მომაკვდინებელ ძალას იყენებს. ადგილობრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის ცნობით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ უშიშროების ძალებმა 860 ადამიანი მოკლეს, დაკავებულია 5 000-მდე ადამიანი.

ხუნტისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მიანმარის ეროვნული ერთობის მთავრობამ სახალხო თავდაცვის ძალები ჩამოაყალიბა. სახალხო თავდაცვის ძალები ხუნტამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს მარტში სანქციები დაუწესეს. 17 მაისს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ მიანმარის სამხედრო ხუნტას დამატებითი სანქციები დაუწესა.

მიანმარის სამხედრო ხუნტამ ქვეყნის ყოფილ სახელმწიფო მრჩეველს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და დე ფაქტო ლიდერს, აუნ სან სუ ჩის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის დაადანაშაულეს და ბრალდებულად ცნეს Covid-19-ის რეგულაციების დარღვევების წახალისებაში, ბუნებრივი კატასტროფების კანონის ქვეშ. 

კომენტარები