დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელში ახმატ კადიროვის სახელზე აშენებულ მეჩეთს ჰამასის რაკეტა მოხვდა

ახმატ კადიროვი და რამზან კადიროვი/ისრაელის ქალაქ აბუ გოშში მდებარე, ახმატ კადიროვის სახელზე აშენებული მეჩეთი, რომელსაც ჰამასის რაკეტა მოხვდა

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ აბუ გოშში მდებარე, ახმატ კადიროვის სახელზე აშენებულ მეჩეთს ჰამასის ნასროლი რაკეტა მოხვდა.

"ჰამასის ტერორისტების რაკეტა პირდაპირ მოხვდა ახმატ კადიროვის სახელობის მეჩეთს იერუსალიმის მახლობლად". - წერია ისრაელის საგარეო უწყების განცხადებაში.

მეჩეთი 2014 წელს აშენდა და გავრცელებული ინფორმაციით, მის მშენებლობაში 10 მილიონი დოლარი დაიხარჯა. აქედან 6 მილიონი ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გადაიხადა.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის მოსაზღვრე ქალაქებზე კონტროლი აღადგინეს, თუმცა დასახლებებში, შესაძლოა, ტერორისტები რჩებოდნენ.

კომენტარები