დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ავსტრია პალესტინელებს დახმარებას შეუწყვეტს, ამ საკითხზე მსჯელობა გერმანიაშიც დაიწყო

თელ-ავივი

9 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ავსტრია პალესტინელებისადმი  დახმარების გაწევას წყვეტს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდერ შალენბერგის თქმით, ქვეყანა სხვადასხვა პროექტებისთვის განკუთვნილი თანხის, ჯამში $20 მილიონის, პალესტინელებისთვის გამოყოფას აჩერებს. 

მან დაგმო ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმა და აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს უფლება ამგვარი სასტიკი ტერორის წინაშე თავი დაიცვას.

პალესტინელების დახმარების შეწყვეტაზე საუბარი გერმანიაშიც დაიწყო. 8 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიის მთავრობა პალესტინელებისთვის ასობით მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავდა, თუმცა ფედერალური განვითარების მინისტრის სვენია შულცეს თქმით, ბოლო დღეებში ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმების ფონზე, გერმანიაში ხელახლა განიხილავდნენ პალესტინელებისთვის დახმარების გამოყოფის მიზანშეწონულობას. 


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები