დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰამასის თავდასხმების ფონზე ნავთობის ფასები 4%-ით გაიზარდა

Shutterstock

ისრაელსა და ჰამასს შორის დაპირისპირების ფონზე, ნავთობის ფასები 4%-ით გაიზარდა. 9 ოქტომბრის მონაცემებით, WTI-ს (West Texas Intermediate) ფასმა ბარელზე $86-ის ნიშნულს გადააჭარბა. ამასთან, გაიზარდა Brent-ის მარკის ნავთობის ფასიც. 

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი და პალესტინა ნავთობს არ მოიპოვებს, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების მესამედი ახლო აღმოსავლეთზე მოდის. 

“ნავთობზე რისკის პრემია იზრდება, რადგან შესაძლოა კონფლიქტი ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს და შეეხოს მსხვილ ნავთობმომპოვებლებს, საუდის არაბეთსა და ირანს. თუ ომში გაეხვევა ირანი, რომელსაც ჰამასის თავდასხმების დახმარებაში სდებენ ბრალს, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების 3% საფრთხის ქვეშ მოექცევა”. – თქვა ერთ-ერთმა ექსპერტმა BBC-სთან საუბრისას.

მანამდე, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომის შედეგად ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა და 2022 წლის ივნისში $120-ის ნიშნულსაც გადააჭარბა, თუმცა ეტაპობრივად მცირდებოდა და 2023 წლის მაისში დაახლოებით $70-მდე დაეცა. 

ფასების შემცირების ფონზე, ნავთობმომპოვებელი ქვეყნები ცდილობდნენ, ნავთობის მიწოდების მასშტაბის შეკვეცით ფასები გაეზარდათ


ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს. 

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

 





 

კომენტარები