აფხაზეთში ქართველთა გენოციდი

უბოდიშო სიმართლე აფხაზეთის შესახებ - გიგა ბოკერიას წერილი

აფხაზეთში ქართველთა გენოციდი

უბოდიშო სიმართლე აფხაზეთის შესახებ - გიგა ბოკერიას წერილი

"იარე, ლიზა" არ მინახავს და არ ვაპირებ ფილმის, როგორც მხატვრული ნამუშევრის განხილვას ან შეფასებას, თუმცა ფილმის ავტორების საჯარო პოზიციის მიხედვით, ეს ფილმი აფხაზეთის ომის "კვლევად" არის ჩაფიქრებული, აქვს განზოგადების პრეტენზია და მას გვთავაზობენ, როგორც ახალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ განაცხადს. ამას გარდა, ფილმის მიღმაც აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია აფხაზეთის ომზე და ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, უფრო ვრცლად გამოვხმაურებოდი საკითხს.

პირველ რიგში, გაუგებარია, რატომ მოინათლა ფილმი გამბედავ სიახლედ.

ფილმის ავტორების შემოქმედების თავისუფლებას, რომელიც მათ შორის დღევანდელი მთავრობის დაფინანსებით შეიქმნა და რომლის ერთ-ერთი ავტორიც რეჟიმის სამარცხვინო კამპანიის „გარეჯი საქართველოას“ თანაავტორია, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასეთი საფრთხე მათ თავისუფლებას ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლის შემდეგაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემუქროს. საქართველო არ შეიძლება დაემსგავსოს რუსეთს ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს, სადაც ანალოგიურ ვითარებაში ფილმის ავოტრებს, უბრალოდ, ჩაქოლავდნენ.

სხვა ამბავია, რომ მათი სიტყვის თავისუფლების დაცვასთან ერთად ჩვენც გვაქვს თავისუფლება, ისინი მწვავედ გავაკრიტიკოთ.

რაც შეეხება სიახლეს, აფხაზეთზე გადაღებული ქართული ფილმების უმრავლესობა სწორედ ეთნიკური დაპირისპირების და "ორივე მხარის დანაშაულის" ჭრილშია გადაწყვეტილი. სამაგიეროდ, ვერ შეხვდებით მხატვრულ ფილმს ახალდაბის გენოციდზე, გაგრის გენოციდზე, სოხუმის გენოციდზე, ჭუბერზე, დოკუმენტური ნამუშევრებიც აფხაზეთში ქართველების მიმართ ჩადენილ საკაცობრიო დანაშაულებებზე უკიდურესად მწირია და ამის გამოსწორებას ვცდილობთ კამპანია "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" ფარგლებში.

აფხაზეთის ომის ეთნიკურ კონფლიქტად მონათვლა იყო რუსეთის სტრატეგიული ამოცანა, რათა ჯერ აქტიური საომარი მოქმედებების დროს შუამავლის როლი ჰქონოდა და მისი გამოყენებით სამხედრო წარმატება დაეჩქარებინა, ხოლო აქტიური ფაზის შემდეგ ოფიციალურად სამშვიდობოს სტატუსი ჰქონოდა და ყოველგვარი საერთაშორისო ფასის გადახდის გარეშე მოეხდინა საქართველოს სახელმწიფოებრიობის შემდგომი რყევა-დესტაბილიზაცია.

ეს სტატუს-კვო იმდენად იყო წლების განმავლობაში ჩაბეტონებული, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ რუსეთის შუამავლის როლის დაბლოკვას და სამშვიდობო სტატუსის ჩამორთმევის მცდელობას საერთაშორისო საზოგადოების წნეხი მოჰყვა, არათუ რუსეთის მიერ ჩადენილი გენოციდის შესახებ კამპანიის დაწყებას.

მე ახლაც შეცდომად მივიჩნევ, რომ მაშინ მეტი ძალისხმევა არ გავწიეთ, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მცდარი პოზიციის საწინააღმდეგოდ, მაგრამ დღეს, როდესაც დაგვიანებით, მაგრამ საბოლოოდ, უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ როგორც იქნა საერთაშორისო აზრი სწორი მიმართულებით შემოტრიალდა, დასავლურმა საზოგადოებებმა უკრაინაში რუსეთის მიერ მოწყობილი გენოციდი აღიარეს, ჩვენგან ისევ ეთნიკურ დაპირისპირებაზე აქცენტის გაკეთება და ისტორიული სიმართლის ახლა მაინც არგატანა უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლური, ცრუ დიდსულოვნებით გამოწვეული მარაზმი, უარეს შემთხვევაში კი - პირადპირ ჩვენი მტრის საქმის კეთებაა.

ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ადგილზე სხვადასხვა თემებს შორის დაპირისპირებას უარყოფს ან მის მნიშვნელობას აკნინებს, მაგრამ ამაზე აქცენტის გაკეთება იგივეა, დღეს რომ ვინმემ რუსული პროპაგანდის გარდა ისაუბროს იმაზე, რომ უკრაინაში პრობლემები ეთნიკურად რუს ან რუსულენოვან მოსახლეობასა და დანარჩენ მოქალაქეებს შორის შეუთავსებლობის ბრალია ან თავის დროზე, დნესტრისპირეთში მომხდარი რუსული აგრესია რეალურად ეთნიკურ შეუთავსებლობას უკავშირდება და პრობლემის გადაჭრის გზებიც ამაში ეძებოს.

ალბათ კიდევ უფრო აბსურდულად გამოჩნდება ჩეხოსლოვაკიაში სუდეტელ გერმანელებსა და ჩეხებსა და სლოვაკებს შორის ეთნიკურ-კულტურული დაპირისპირება რომ მთავარ მიზეზად განვიხილოთ ფაშისტური გერმანიის აგრესიის განხილვისას. ჰიტლერმა აგრესიის საბაბად სწორედ ეს გამოიყენა.

ამ ფილმის ავტორებისა და მათი თანამოაზრეებისგან რუსეთის შესახებ მთავარი გზავნილი გვესმის, რომ რუსეთმა "ორივე მხარე წაგვაქეზა" და "ორივე მხარე გამოგვიყენა".

ეს სიცრუეა.

როდესაც ომზე და სამხედრო აგრესიაზე ვსაუბრობთ, მთავარი სუბიექტი არის ის, ვისი საომარი მანქანაც ახორციელებდა აგრესიას, ვინც აკონტროლებდა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს, ვინც რეგულარული არმიით გადაწყვიტა ომის ბედი, ვინც დაგეგმა და განახორციელა ერთწლიანი სისხლიანი კამპანია აფხაზეთში და ქართველებს გენოციდი მოგვიწყო.

ფუნდამენტურად მცდარია იმის თქმა, რომ ეთნოსი გვიპირისპირდებოდა ან მაგალითად, ლაპარაკი სომხების და ჩეჩნების, როგორც ეთნოსის პასუხისმგებლობაზე.

ასეთი მსჯელობა ტყუილი და კატასტროფაა.

ქართული სახელმწიფოს მხარეს არაერთი ეთნიკურად სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი, ბერძენი და სხვა საქართველოს მოქალაქე იბრძოდა.

ეთნიკურად აფხაზებს შორისაც იყვნენ ისინი, ვინც ღიად და ზოგჯერ, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა რუსულ აგრესიას.

კამპანია "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" ფარგლებში იდენტიფიცირებულია აფხაზეთის ომში მონაწილე რუსული რეგულარული არმიის შენაერთების უმრავლესობა, რუსული ელიტარული სპეც-დანიშნულების რაზმები და მათი წევრები, ისევე როგორც რუსი გენერლები, რომლებიც გუდაუთის რუსული ბაზიდან წარმართავდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს. ისინი "ორივე მხარეს" კი არ აქეზებდნენ, ქართველ ჯარისკაცებს ხოცავდნენ, ქართულ დასახლებებს ბომბავდნენ, თავდაცვის გარეშე დარჩენილ მშვიდობიან ეთნიკურ ქართველებს კი უსასტიკესი მეთოდებით უსწორდებოდნენ და გენოციდს უწყობდნენ.

ამიტომ, ვიმეორებ, ყველა, ვინც აფხაზეთის ომზე საუბრისას აქცენტს ეთნიკურ შეუთავსებლობაზე აკეთებს შეგნებულად თუ შეუგნებლად ჩვენი მტრის ამოცანებს უწყობს ხელს.

სამწუხაროდ, 30 წლის წინ ქართული პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი ნაწილი საბჭოთა ეთნიკურ შოვინიზმს მართლაც ქადაგებდა. მორალური კატასტროფა და პრაგმატულად, უმძიმესი შეცდომა იყო "ჩამოსულებზე" ლაპარაკი, ეთნიკური შემადგენლობის პროცენტულად თვლა და ა.შ. თუმცა ეს მიდგომა მხოლოდ აფხაზებს არ მიემართებოდათ, ეს იყო ზოგადი დამოკიდებულება განსხვავებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ, რომელიც ჩვენი საზოგადოებიდან დღემდე არ არის სრულად აღმოფხვრილი. 

მე ეს კარგად ვიცი.

ამავე დროს ეთნიკურად აფხაზი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი ჯერ საბჭოთა კავშირის შენარჩუნების კამპანიაში იყო ჩართული და ამ პრიზმიდან უპირისპირდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ხოლო შემდეგ ღიად ფაშისტურ იდეებს ქადაგებდა და დღემდე ქადაგებს. რაც მთავარია, ისინი შეგნებულად მთლიანად შეერწყნენ რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ მანქანას.

ვინც იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა, ისინი ან ფიზიკურად გაანადგურეს ან თავისი შეხედულებების გამო საკუთარ თემშივე აღარ დაედგომებოდათ.

თუმცა ეს ყველაფერი აღწერს მხოლოდ იმ ვითარებას, რომელიც რუსეთმა ჯერ შექმნა, შემდეგ კი გამოიყენა საქართველოს სახელმწიფოს გასანადგურებლად და რომელსაც საკუთარი როლის შენიღბვის მიზნით დღემდე ომის მთავარ მიზეზად და წინაპირობად ასაღებს.

იმისთვის, რომ კიდევ უფრო თვალნათელი გავხადოთ მათი სიბეცე ან მავნებლობა, ვინც ამ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს, როგორც განსაზღვრელ ფაქტორზე მაშინ განვითარებული მოვლენებისა, კვლავ სხვა ქვეყნების მაგალითები უნდა მოვიყვანოთ.

დღეს რომ ვინმემ თქვას, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია და ბუჩაში მომხდარი გენოციდი ნაწილობრივ მაინც არის გამოწვეული ან ნაწილობრივ გამართლებული უკრაინული ეთნო-შოვინიზმით, ის ხომ დღეს დამსახურებულად ავტომატურად მოინათლება რუსული პროპაგანდის სასარგებლო იდიოტად ან შეგნებულ გამტარად.

იგივეა ფაშისტური გერმანიის აგრესიის ახსნა ჩეხოსლოვაკიაში სუდეტელი გერმანელების მიმართ განწყობებით, ისევე როგორც რუსეთის აგრესიის ახსნა აფხაზეთში ქართველების ეთნიკური შოვინიზმითა და შეუწყნარებლობით, ხოლო 2008 წლის აგრესიის ახსნა "მძინარე ცხინვალის დაბომბვით".

ამავე ხაზის გაგრძელებაა აფხაზეთის ომზე საუბრისას საქართველოს შეიარაღებული ძალების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულების გათანაბრება რუსეთის მიერ ეთნიკური ქართველების სისტემურ და მიზანმიმართულ განადგურებასთან.

ეს იგივეა, პოლონეთში ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის შეჭრის დროს პოლონელების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები ვინმემ ნაცისტი და კომუნისტი ჯალათების ნამოქმედარს გაუთანაბროს.

გარდა იმისა, რომ სამხედრო წარმატებას რუსეთმა მიაღწია და მან დაიკავა ქართული დასახლებები და შესაბამისად, მხოლოდ მას შეეძლო მასობრივი ომის დანაშაულების ჩადენა, ჩვენი კამპანიის განმავლობაში, არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ რუსეთისა და მისი სუროგატი სტრუქტურების გაცხადებული ამოცანა აფხაზეთის ომში ეთნიკური ქართველების განადგურება იყო.

"ჩვენ დროზე უნდა ვისწავლოთ მათი [ქართველების] მოკვლა, დანაწევრება, ცხვირების მოჭრა და ა.შ." - ამას მოუწოდებდა რუსეთის მთავარი სუროგატის, მთიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი მუსა შანიბოვი მებრძოლებს.

იმავე კონფედერაციის კიდევ ერთმა ლიდერმა იუსუფ სოსლანბეკოვმა მებრძოლებს ყველა მეთოდის გამოყენების, მათ შორის ტერორისტული აქტების ჩადენის ბრძანება მისცა, ყველა ეთნიკურად ქართველი კი სამიზნედ და მძევლად გამოაცხადა.

აფხაზეთში რუსი ჯალათები არა მხოლოდ ქართველებს ხოცავდნენ, არამედ ქართველების მიმართ გამოჩენილი რაიმე თანაგრძნობის გამო კლავდნენ ეთნიკურად აფხაზებს, სომხებს, ბერძნებს, რუსებს.

სოფელი ოდიშის მკვიდრი ეთნიკურად ბერძენი პედაგოგი მერი ანასტასიადი 14 მშვიდობიანი ეთნიკურად ქართველის შეფარების გამო დახვრიტეს და მის სახლში დაწვეს ოჯახთან და შეფარებულ ქართველებთან ერთად.

არაფერი მსგავსი ქართული მხრიდან არ ყოფილა და ეს არის ფაქტი. საქართველოს არცერთ პოლიტიკურ ხელისუფლებას მსგავსი შინაარსის ამოცანა არასდროს დაუსახავს, არც საჯაროდ და არც საჯაროობის მიღმა.

ამას გარდა, ქართულ მხარეს მსგავსი განწყობები რომ არსებულიყო, ეს არამარტო ადგილზე მყოფთათვის იქნებოდა ნათელი, არამედ ამის გამომხატველი ზღვა მასალა იარსებებდა ისეთი, რომლის მსგავსიც კამპანია "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" განმავლობაში არაერთგზის ვაჩვენეთ.

ამის ერთერთი შემზარავი მაგალითია სოფელ ახალდაბაში ეთნიკური ქართველების ცხედრებთან მდგომი მებრძოლის ფრაზა:

- "ისინი დღე და ღამე უნდა ხოცო".

- "მოსაკლავად არ გეცოდება?" - ეკითხება მას ჟურნალისტი.

 "ადამიანები მეცოდება, მარა ისინი არა"

- "ვინ ისინი?"

-"ქართველები" - დაუფარავი მხიარულებით პასუხობს მებრძოლი.  

მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღეს იქ ვიყავი და ჭუბერის უღელტეხილით მომიწია გადმოსვლა და იმ საშინელების ხილვა, რაც იქ ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, ვიცოდი გაგრისა და სოფელი ახალდაბის ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შექმნილი საპარლამენტო კომისიის მიერ მოძიებული მასალების შესახებაც ვიყავი ინფორმირებული, მაინც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ეთნიკური სიძულვილით ნაკარნახევი სისასტიკის ის მასშტაბი, რომელიც ჩვენმა კამპანიამ აჩვენა.

როგორც ჩანს, აფხაზეთის ამბავი ჩვენს მეხსიერებაში 90-იანი წლების საერთო კატასტროფულ სურათში ჩაიკარგა.

არც კი ვიცი რა შეიძლება ეწოდოს ამ ყველაფრის საპირწონედ ქართველების დანაშაულზე საუბარს.

ფილმის ავტორმა ასევე მოგვითხრო აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებისთვის ცნობილი ერთ-ერთი ფიგურის განცდის შესახებ, თითქოს მან ჭუბერის გზაზე გადმოსვლისას გააცნობიერა, რომ ჭუბერი ჩვენი "საზღაური" ჩვენი, ქართველების შეცდომებისა და დანაშაულებისთვის.

ეს მორალური კატასტროფა არაფრით განსხვავდება მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის სამარცხვინო პოზიციისგან, რომ, თურმე, შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულები ადგილზე წარსულში გამართული "აღვირახსნილი" წვეულებებისთვის მოვლენილ ღვთიურ სასჯელს ემსხვერპლნენ.

იმ შემთხვევაში ბუნებრივ კატასტროფებს ეხებოდა საქმე, აქ კი  ეთნიკური ქართველების სახლებიდან გამოყრას, ბავშვების, ქალების, მოხუცების ხოცვას და გენოციდს. ამ მორალურ კატასტროფამდე მივყავართ ლოგიკას, რომ "ყველას თავისი სიმართლე აქვს", რაც ისტორიაში ყველანაირი ბოროტების გასამართლებელად გამოდგება.

რაც მთავარია, მსგავს სამარცხვინო "რეფლექსიებს" საქართველოს გამთლიანების გზად გვისახავენ.

სინამდვილეში, რუსეთის და ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს მცხოვრები საზოგადოების მხრიდან ჩვენი "ბოდიში" და "დიალოგის" მცდელობები აღიქმება უმწეობად მანამ, სანამ სუსტის პოზიციიდან ვსაუბრობთ.

რა თქმა უნდა, ყველა ნორმალური ადამიანის ინტერესშია, რომ როდესაც რუსეთის ფაქტორი სრულად განეიტრალდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგეს. თუმცა ვინც ამ პოზიციას ლოზუნგად იყენებს, ხშირად ავიწყდება, რომ მსგავსი პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება მხოლოდ ძალის პოზიციიდან არის შესაძლებელი.

აფხაზეთის დეოკუპაციის მშვიდობიანი გზით წარმართვა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შეგვეძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე რუსული გავლენის აგენტებს და საზოგადოებას აქვთ მოლოდინი, რომ ჩვენ გვაქვს ძალა და ამ ძალის გამოყენების მზაობა.

თუ ეს ძალა არ გვექნება, ადგილზე საოკუპაციო რეჟიმთან თითის მოკაკვა, და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოებისთვის ბოდიშების ხდა, "ძმობაზე" საუბარი ჩვენს ეროვნულ ამოცანებამდე ვერ მიგვიყვანს.

არაერთხელ მომისმენია, რომ "ხალხთა შორის დიალოგი" და "რეფლექსია" იყო გადამწყვეტი ფაქტორი აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის მშვიდობიანი გზით გაერთიანებისა და რომ ეს ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს.

იხსენებენ უილი ბრანდტის ოსტპოლიტიკას.

თუმცა, აქაც ავიწყდებათ, რომ გერმანია გაერთიანდა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა, რუსული გავლენა დამარცხდა და აღმოსავლეთ გერმანია ძალის გარეშე დარჩა, ნატო-სა და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი დასავლეთ გერმანიის პირისპირ და მხოლოდ ამიტომ ვერ შეუშალა იქ არსებულმა მარიონეტულმა რეჟიმმა გერმანიას მშვიდობიანად გაერთიანებას ხელი.

მე არ უარვყოფ, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის არა ეთნო-ტრაიბალისტური, არამედ პოლიტიკურ-იდეოლოგიური დაპირისპირება იყო და საზოგადოებს შორისაც ბზარი ნაკლები იყო, ვიდრე ჩვენს შემთხვევაში.

თუმცა ეს არგუმენტი ჩვენი პოზიციის სასარგებლოა და არა პირიქით.

იქაც კი, სადაც საზოგადოებებს შორის არსებითად ნაკლები იყო გაუცხოება, ბოლოს კი აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილი იყო გაერთიანება, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა მხოლოდ საბჭოთა ბოროტების კრახის და თავისუფლების სამყაროს ძლიერების შედეგად.

მახსოვს შემთხვევა, როდესაც დასავლელი პარტიორების ნაწილი ამ კლიშეზე გვიყვებოდნენ და ჩვენც გვირჩევდნენ, რომ რუსული ოკუპაციის და რუსეთის ფაქტორის განეიტრალებაზე მუშაობის ნაცვლად, საზოგადოებების დაახლოებით გვემუშავა კონფლიქტის გადაწყვეტაზე და უილი ბრანდტის ოსტპოლიტიკის მაგალითი მოჰყავდათ.

მე მომეცა შესაძლებლობა ერთ-ერთი ასეთი დისკუსიისას გავსაუბრებოდი უილი ბრანდტის ოსტპოლიტიკის გამტარებელ ერთ-ერთ საკვანძო ასაკოვან დიპლომატს, რომელსაც  ვკითხე, რა შანსი ექნებოდა დიალოგს და "ხალხებს შორის ურთიერთგაგებას", რომ არა ნატოს და დასავლეთის ჯარები, რომლებიც იდგნენ დასავლეთ გერმანიაში და როგორ გაერთიანდებოდა გერმანია, რომ არა დასავლეთში გამარჯვებული ძალა და აღმოსავლეთში დამარცხებული ბოროტება. 

მან გულწრფელად მიპასუხა: „Zero” [ნული].

მე, რა თქმა უნდა, ვიზიარებ მოსაზრებას, რომ რუსული იმპერიალიზმის მარცხის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ საზოგადოებასთან პრობლემები ავტომატურად არ გადაწყდება და სერიოზული სამუშაო იქნება ნორმალური თანაცხოვრების მისაღწევად, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება აფხაზეთში რუსეთის მიერ ეთნიკური ქართველების გენოციდის უგულებელყოფით და ადგილზე ეთნიკური ქართველების მიმართ არსებული აპარტეიდული განწყობების აღმოფხვრის გარეშე. 

იმისთვის, რომ მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელი გახდეს, აფხაზეთის ომი უნდა შეფასდეს რუსეთის სამხედრო აგრესიად საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რომელსაც ეთნიკური ქართველების გენოციდი მოჰყვა და სრულად უნდა იყოს დისკრედიტირებული მისი გააზრება ეთნიკური დაპირისპირების პრიზმიდან, ისევე როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის და მისი მარიონეტების მიერ წლების განმავლობაში კულტივირებული ზიზღი ეთნიკური ქართველების მიმართ და ფაშისტური განწყობები ერთი კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის პრივილეგირებულობის და სრული დომინაციის შესახებ.

ჩვენი განაცხადი უნდა იყოს, რომ საქართველო დასავლური ლიბერალური დემოკრატია იქნება, სადაც საქართველოს სახელმწიფოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, თანასწორად ექნება სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება.

ამას გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება არა მხოლოდ აფხაზეთის საკითხთან მიმართებით, არამედ მთელ ქვეყანაში რადიკალური დეცენტრალიზაცია და რეგიონული თვითმმართველობის მოდელზე ჩვენი მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება.

ამ საკითხს შეეხო პოლიტპატიმარი სააკაშვილი, რომელსაც მორიგ ჯერზე კატასტროფული გზავნილი ჰქონდა. მან აფხაზეთი-საქართველოს საერთო სახელმწიფოზე და სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის სპეციფიკურად საგარეო და თავდაცვის სფეროებში აფხაზეთისთვის ეთნიკური თუ რეგიონული კვოტების შემოღებაზე ისაუბრა.

პოლიტიკური თანამდებობების ეთნიკური ნიშნით განაწილება არის ჯოჯოხეთურ საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა გამოცდილებასთან დაბრუნება, რომელმაც არაფერი სასიკეთო არ მოიტანა და არც მომავალში მოიტანს.

ამას გარდა, რადიკალური დეცენტრალიზაციის პირობებშიც კი, რომელსაც მე ვემხრობი, ქვეყნის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა უნდა იყოს - ეს არის აუცილებელი პირობა სახელმწიფოებრიობის არსებობისთვის და მანდ ვერანაირი კომპრომისი ვერ მოხდება.

ამასთან, გასაგებია, რომ აფხაზეთის ავტონომიის არსებობა ჩვენი კონსტიტუციის ნორმაა, მაგრამ რას ნიშნავს აფხაზურ-ქართული სახელწმიფო? ამ აბსურდულ ლოგიკას რომ გავყვეთ, რატომ არ უნდა არსებობდეს ქართულ-ოსური სახელმწიფო, ან ქართულ -აზერბაიჯანული, ქართულ-სომხური და ასე შემდეგ.

ეს არის მავნებლური სისულელე.

ჩვენს სახელმწიფოს სახელია საქართველო, რომელშიც ყველა არის სახელმწიფოებრივად ქართველი და ჩვენი ქვეყნის თანასწორი თანამესაკუთრე.

ყველა სხვა გზა „პოზიტიური შოვინიზმის“ ნაირსახეობაა.

ბოლოს მინდა შევეხო მიმდინარე დისკუსიაში ზოგიერთი საზოგადოებრივი წარმომადგენლის შოკისმომგვრელ მოსაზრებებს, რომელიც კვლავ ამ ცრუ დიდსულოვნებითა და სნობი კეკლუცობით შეიძლება აიხსნას.

თურმე უნდა დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა, რა არგუმენტით ვეუბნებით უარს აფხაზებს დამოუკიდებლობაზე, როდესაც ეს მათი თვითგამორკვევის უფლებაა, ისევე როგორც ჩვენი.

ამ აბსურდულ ლოგიკას თუ მივყვებით, ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნების სუვერენიტეტის, სახლმწიფოებრიობის პრინციპი აღარ იარსებებს. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს თვითგამორკვევა - თითო სოფლამდე, თითო დასახლებამდე თუ თითო მოქალაქემდე.

ეს არის გზა ქაოსის, ძალადობის და საბოლოოდ, ამ ცრუ დროშის ქვეშ ძალის მქონეთაგან სუსტის განადგურების.

ბოლოსდაბოლოს ეს არ ვიხილეთ აფხაზეთში? საოცარი თვითგამორკვევაა, როდესაც ვინც არ გეთანხმება ან გაანადგურებ ან გაყრი და მათ გარეშე თვითგამოერკვევი.

თავისუფალი სამყაროს წესრიგი ემყარება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ჩვენს შემთხვევაში, ეს არის 1991 წელს საერთაშორისო თანამეგობრობის მათ შორის რუსეთის მიერ აღიარებული საზღვრები. ამას გარდა, პოლიტიკური ლეგიტიმაციის წყარო არის 1918-21 წლების რესპუბლიკა, თანამედროვე ეპოქაში ქართველი ხალხის მიერ დაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფო.

თუ რაიმე ისტორიული შთაგონება გვინდა ყველა ჩავარდნის თუ მინუსის მიუხედავად, სწორედ პირველი რესპუბლიკის მაგალითი გამოგვადგება, სადაც პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით, ისინი ევროპულად თანაცხოვრობდნენ. მმართველ ხელისუფლებას ოპონენტების რეპრესიები არ მოუწყია, ხოლო ოპოზიცია მის ლეგიტიმურობას ეჭვის ქვეშ არ აყენებდა.

რაც მთავარია, გარე მტრების, თეთრი რუსების თუ ეთნიკურად ქართველი რუსი ბოლშევიკების ყველა მცდელობის მიუხედავად, ეთნიკურად აფხაზების ერთიან ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაცია და მშვიდობიანი თანაცხოვრება მოხერხდა.

კომენტარები