დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ღაზის სექტორის გაეროს თავშესაფრებში 74 000 ლტოლვილი მივიდა

ლტოლვილები თავშესაფარში
UNRWA/Mohammed Hinnawi

ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილების დახმარების და მხარდაჭერის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოს მიხედვით, შექმნილი საომარი სიტუაციის გამო ღაზის სექტორიდან 74 000-მდე იძულებით გადაადგილებული ადამიანი მივიდა გაეროს თავშესაფრებში. მისივე ინფორმაციით, ადგილზე სულ 64 თავშესაფარი მოეწყო.

გაეროს სააგენტოს ცნობით, დაიბომბა მისი ერთ-ერთი თავშესაფარი, რომელიც სკოლაშია გახსნილი. თავშესაფარი 225 ადამიანს იფარებდა. არავინ დაშავებულა, სერიოზულად დაზიანდა სკოლის ინფრასტრუქტურა. 

ამასთან, ღაზის სექტორში ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გარდაცვლილია 370 ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 20 ბავშვი. 

ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და მხარდაჭერის გაეროს სააგენტო აღნიშნავს, რომ სკოლები და სხვა სამოქალაქო დაწესებულებები, მათ შორის ლტოლვილ ოჯახთა თავშესაფრები, სამხედრო სამიზნედ არასდროს უნდა იქცეს. მისი განცხადებით, მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველთვის, ომისა და დაპირისპირების დროსაც, დაცული უნდა იყოს.


ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

8 ოქტომბრის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. 

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს. 

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები