დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელში დაღუპულთა შორის არის ქართველი-ებრაელი ოფიცერი აბრაამ ჰოვლაშვილი

სამხრეთ ისრაელი, სდეროთის მიდამოები ჰამასის შეჭრის შემდეგ, 2023 წლის 7 ოქტომბერი
REUTERS/Ammar Awad

ისრაელის პოლიციამ ინფორმაცია გაავრცელა 34 დაღუპული ოფიცრის შესახებ. მათ შორის არის წარმოშობით ქართველი 26 წლის ოფიცერი აშდოდიდან – აბრაამ ჰოვლაშვილი. 

აბრაამ ჰოვლაშვილი მეორე წარმოშობით ქართველი პოლიციის მაღალჩინოსანია, რომელიც ჰამასის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გარცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილ ოფიცერთა შორისაა ქართველი-ებრაელი იცხაკ ბაზუკაშვილიც


ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. 

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს. 

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები