დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ყველგან იყვნენ ავტომატით ხელში, მესმოდა მათი არაბული საუბარი - ისრაელის მოქალაქის ისტორია

ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაზარალებული ისრაელის მოქალაქე
BBC

ისრაელის მოქალაქე, გილი იოსკოვიჩი ასობით ახალგაზრდას შორის მუსიკის ფესტივალზე იყო სამხრეთ ისრაელში, ღაზას სექტორის მახლობლად, როდესაც ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ცეცხლი გახსნა და კოორდინირებული თავდასხმა დაიწყო.

როგორც BBC-სთან საუბარში თქვა, ის ხის ქვეშ, მინდორში იმალებოდა მანამ, სანამ შეიარაღებული პირები პერიმეტრზე ყოველ შემხვედრს ესროდნენ. 

"ისინი... ყველგან იყვნენ ავტომატით ხელში… მანქანების გვერდით იდგნენ და ხალხს ესროდნენ, მივხვდი, რომ მარტად შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი, რადგან ისინი ყველგან იყვნენ. [...] არ ვიცოდით სად წავსულიყავით, რადგან ტერორისტები 4-5 მიმართულებიდან მოდიოდნენ. საბოლოოდ, მანქანაში ჩავჯექი და სვლა განვაგრძე." - ამბობს დაზარალებული.

როგორც იოსკოვიჩი იხსენებს, ამის შემდეგ ტერორისტებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც მანქანის დატოვება, გაქცევა და ხეებში მიმალვა მოუწია. 

"ღია მინდორში, შუაში ვიწექი. ტერორისტები ძალიან ახლოს იყვნენ. მესმოდა მათი არაბული საუბარი. [...] ცოტა ხანში ებრაული საუბარი გავიგე. მივხვდი, რომ ჯარისკაცები ახლოს იყვნენ, დაახლოებით 5-6 იქნებოდნენ, მათკენ წასვლა გადავწყვიტე. მე ვიყავი პირველი, ვინც მინდვრიდან გავიდა. დანარჩენებს კიდევ 2-3 საათი დასჭირდათ".- იხსენებს მოქალაქე.


ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მოსამსახურეები და მოქალაქეები, ზოგი კი დახოცეს. გაიტაცეს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები.

ბოლო მონაცემებით, გუშინ, 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე წამოწყებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 600-მდე გაიზარდა.

მსხვერპლი იზრდება პალესტინელების მხარესაც. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელის კონტრშეტევის შედეგად დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 313-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 990 ადამიანი.

კომენტარები