დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის საგარეო ადასტურებს, რომ ეგვიპტეში 2 ისრაელელი ტურისტი მოკლეს

ალექსანდრია

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ეგვიპტეში, ალექსანდრაში ტურისტად მყოფი ისრაელის ორი მოქალაქე და მათი ეგვიპტელი გიდი მოკლეს.

აქამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელელი ტურისტებით დატვირთულ ავტობუსს ცეცხლი ადგილობრივი პოლიციის ოფიცერმა გაუხსნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელი უკვე დაკავებულია.

სატელევიზიო არხი Extra News ასევე ციტირებს უშიშროების მაღალჩინოსნის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ეს ეგვიპტეში ისრაელის მოქალაქეებზე პირველი მსგავსი თავდასხმაა.


რეგიონში დაძაბულობა გუშინ, 7 ოქტომბერს განახლდა, როდესაც ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ღაზის სექტორიდან ჰამასმა ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა დაიწყო. ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მოსამსახურეები და მოქალაქეები, ზოგი კი დახოცეს. გაიტაცეს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები.
 

კომენტარები