დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

საქართველოს ელჩი ისრაელში: ჩვენი მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში შეტყობინება არ შესულა. 

"საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ, როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამსახურთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პოლიციასთან. რამდენიმე ჩვენი მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი, 3 არის ნათანიაში, ერთი არის თელ-ავივში. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ საელჩომ საქართველოს მთავრობის დახმარებით განათავსა სასტუმროში. არიან ბავშვები პედაგოგებთან ერთად, ისინი ფესტივალზე იყვნენ ჩამოსული, არიან უსაფრთხოდ". - თქვა ლაშა ჟვანიამ.


მანამდე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყების ცნობით, ისრაელის ტერიტორიაზე შეიარაღებული თავდასხმისას ღაზას სექტორის მიმდებარედ მყოფი საქართველოს ოთხივე მოქალაქე უსაფრთხოდაა.

"საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას". - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებულია როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ამ ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციით.

სამინისტრო გამოეხმაურა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტოსაც, რომელზეც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჰამასს ტყვედ ჩავარდნილი ქართველია აღბეჭდილი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს მასალის ავთენტურობის დადგენა.

 

კომენტარები