დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

საგარეო: ღაზას მიმდებარედ საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა, ოთხივე უსაფრთხოდაა

სამხრეთ ისრაელი, სდეროთის მიდამოები ჰამასის შეჭრის შემდეგ, 2023 წლის 7 ოქტომბერი
REUTERS/Ammar Awad

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელის ტერიტორიაზე შეიარაღებული თავდასხმისას ღაზას სექტორის მიმდებარედ მყოფი საქართველოს ოთხივე მოქალაქე უსაფრთხოდაა.

"საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას". - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებულია როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ამ ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციით.

სამინისტრო გამოეხმაურა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტოსაც, რომელზეც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჰამასს ტყვედ ჩავარდნილი ქართველია აღბეჭდილი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს მასალის ავთენტურობის დადგენა.


ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მოსამსახურეები და მოქალაქეები, ზოგი კი დახოცეს. გაიტაცეს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები.
 

კომენტარები