აშშ-რუსეთი-უკრაინა

ლუკაშენკო: აშშ რუსეთს ატომური იარაღის გამოყენებისკენ უბიძგებს

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, აშშ უკრაინისათვის დახმარების გაწევით რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგებს.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის დაძაბულობის გაღრმავებამ, შესაძლოა, მიგვიყვანოს სიტუაციამდე, როდესაც რუსეთი "წითელ ღილაკს ამოიღებს და მაგიდაზე დადებს".

"შთაბეჭდილება მრჩება, და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ჩემი აზრია, რომ ამერიკელები რუსებს ყველაზე საშინელი იარაღის გამოყენებისკენ უბიძგებენ. ისინი შეიარაღებას აწვდიან ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ ზელენსკის და მის არმიას და მათ შორი დისტანციის რაკეტებით უზრუნველყოფენ. ამ რაკეტებს 300 კილომეტრ მანძილზე ფრენაც კი შეუძლიათ". - თქვა ლუკაშენკომ ბრესტის რეგიონში სამხედრო ობიექტში ვიზიტის დროს.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ თუ ასეთი რაკეტა რუსეთის ტერიტორიაზე მოხვდება, მოსკოვს რეაგირება მოუწევს, თუმცა აშშ უსაფრთხოების გამო არც კი ღელავს, რადგან "ისინი ოკეანის გადაღმა არიან".

ამასთან, ლუკაშენკომ ისაუბრა თავისი ვერსიაზე იმის შესახებ, თუ რატომ შედის აშშ-ს ინტერესებში უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაჩქარება. მისი თქმით, ბაიდენს შეუძლია უკრაინის გამარჯვება საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად გამოიყენოს.

"პოლიტიკური სიტუაციის გამო, ეს ომი არ მატებს ბაიდენს და აშშ-ის მთავრობას ავტორიტეტს. ყველა საარჩევნო გამოკითხვის მიხედვით ის უკვე აგებს. მას რაღაცნაირი გამარჯვება სჭირდება. იმისათვის, რომ გაიმარჯვო, მაგიდასთან რაღაც უნდა მიიტანო". - თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ბირთვული ომის საშიშროებაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც რუსეთში ბირთვული გამოცდების შეთანხმების რატიფიკაციის გაუქმების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

"სახელმწიფო დუმის საბჭოს უახლოეს სხდომაზე აუცილებლად განვიხილავთ ბირთვული იარაღის გამოცდის ყოვლისმომცველი აკრძალვის რატიფიკაციის უკან გაწვევას. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრაში და იქნება სარკისებრი პასუხი აშშ-სთვის, რომელსაც ჯერაც არ მოუხდენია შეთანხმების რატიფიცირება". - წერს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი.

კომენტარები