დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელმა საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა, დაწყებულია ოპერაცია "რკინის ხმლები"

ისრაელი, 2023 წლის 7 ოქტომბერი 
(AP Photo/Ohad Zwigenberg)

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო რეზერვისტების გაწვევა დაამტკიცა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

"ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა დღეს დილით და დაიწყო ომი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ". - თქვა იოავ გალანტმა. 

მან დასძინა, რომ ისრაელის ჯარები "იბრძვიან მტრის წინააღმდეგ ყველა ადგილას", ხოლო "ისრაელის სახელმწიფო გაიმარჯვებს ამ ომში".

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმაზე საპასუხოდ მათ ოპერაცია "რკინის ხმლები" დაიწყეს. 

ისრაელის თავდაცვის სპიკერის თქმით, დილის 6:30 საათიდან ისრაელში 2 200-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

მისივე განმარტებით, ჰამასის ტერორისტებმა ისრაელოის ტერიტორიაზე შეაღწიეს ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. როგორც მან აღნიშნა, ჰამასის ტერორისტებსა და ისრაელის ჯარებს შორის საბრძოლო მოქმედებები მინიმუმ შვიდი ადგილას მიმდინარეობს.

ისრაელის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შაარ ჰანეგევის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი ოფირ ლიბშტეინი დღეს დილით ჰამასთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

"ოფირი მოკლეს, როდესაც ის წავიდა ქალაქის დასაცავად ტერორისტული თავდასხმის დროს". - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

მის ადგილს ამჟამად საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იოსი კერენი იკავებს.

მოულოდნელი თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

კომენტარები