რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Беларускі Гаюн: ბელარუსში, მინსკის მახლობლად პარტიზანებმა რკინიგზის მონაკვეთი ააფეთქეს

ბელარუსში სამხედრო აქტიურობის მონიტორინგის დამოუკიდებელი პროექტი, Беларускі Гаюн-ი ავრცელებს ცნობას ბელარუსში, მინსკის მახლობლად რკინიგზაზე, სავარაუდოდ, პარტიზანების მიერ მოწყობილი აფეთქების შესახებ.

როგორც მონიტორინგის ჯგუფი წერს, პროექტმა МотолькоПомоги-მ გაავრცელა ცნობა, რომ 5 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 23:20-ზე კოლოდიშჩის დასახლებაში, მინსკის მახლობლად აფეთქების ხმა გაისმა. ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა მინსკის მიკრორაიონებშიც, 8 კილომეტრის დაშორებით გაიგეს.

როგორც Беларускі Гаюн-ი წერს, დილით ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ადგილობრივების გამოკითხვა დაიწყეს და მათ შეატყობინეს, რომ ეს იყო "ტერაქტი ოზერიშჩეს სადგურზე, ააფეთქეს რკინიგზა".

აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ბელარუსის რკინიგზელების საზოგადოებამაც, რომელიც ოპოზიციური მოძრაობაა. 

ამას გარდა, პროექტი МотолькоПомоги იტყობინება, რომ 6 ოქტომბრის დილას ძებნა გამოაცხადეს რამდენიმე კაცზე, რომლებიც შესაძლოა აფეთქებაში მონაწილეობდნენ.

როგორც Беларускі Гаюн-ი ვარაუდობს, "ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ აფეთქება რკინიგზის პარტიზანების დივერსიაა".

ოზერიშჩეს მახლობლად მდებარე სარკინიგზო ხაზს რუსეთის შეიარაღებული ძალები ჯარების, იარაღისა და მძიმე ტექნიკის გადასატანად იყენებენ.

კომენტარები