ოკუპირებული აფხაზეთი

გადაწყვეტილება წინა შეხვედრებზე მიიღეს – შამბა ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის მშენებლობაზე

ფოტო არქივიდან
Эхо Кавказа

ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა აფხაზეთის მარიონეტი ლიდერის ასლან ბჟანიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა ოჩამჩირეში განთავსდება.  

"ეს შეთანხმება დღეს არ იყო მიღწეული, გადაწყვეტილება წინა ერთობლივ შეხვედრებზე მიიღეს და ახლა ამ შეხვედრაზე პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მსგავს გადაწყვეტილებას". - თქვა შამბამ.

მისივე თქმით, აფხაზეთისთვის ეს არის რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებების განხორციელების მაგალითი.

"ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს ვხედავთ აფხაზეთში რუსული სახმელეთო, საზღვაო და სხვა დანაყოფების არსებობაში. ჩვენ მიერ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, აგრესიის შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენი მოკავშირის და სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. ეს პირდაპირ წერია ჩვენს მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში". - აღნიშნა სერგეი შამბამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განთავსების გეგმები გააკრიტიკა. 


დღეს, 5 ოქტომბერს ასლან ბჟანიამ თქვა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რუსულ მედია Известия-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენთან შემოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ჩვენ მის ბორტზე ავედით. ძალიან განვითარებული ხომალდია სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა მოეწყობა. ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ემსახურება რუსეთისა და აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს და უსაფრთხოება ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია". – ამბობს ბჟანია.

4 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

კომენტარები