გაერთიანებული სამეფო

სუნაკი: მოწევის ლეგალური ასაკი 18 წლიდან ყოველწლიურად 1 წლით უნდა გაიზარდოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, სიგარეტისა და თამბაქოს ყიდვის ასაკი ყოველწლიურად ერთი წლით უნდა გაიზარდოს, რათა საბოლოოდ მათი ყიდვა ვერავინ შეძლოს.

გეგმის მიხედვით, თამბაქოს გაყიდვის ასაკი 18 წლიდან ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს, კანონის მიღების შემთხვევაში კი, პირობითად, ის მოზარდები, რომლებიც დღეს 14 წლის არიან, თამბაქოს ყიდვას ვერასდროს შეძლებენ.

როგორც სუნაკმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მას სჯერა, რომ "ეს არის სწორი ნაბიჯი ავადმყოფობის მთავარი მიზეზის პრევენციისთვის".

მიუხედავად იმისა, რომ მწეველთა მაჩვენებელი 1970-იანი წლებიდან იკლებს, მათი რაოდენობა ინგლისში 5 მილიონს აჭარბებს, ხოლო დიდი ბრიტანეთში - 6 მილიონს. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში 18-დან 24 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ყოველი მეცხრე მწეველია.

"თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილებისთვის კარგი საქმე გავაკეთოთ, უნდა ვეცადოთ, რომ თავიდანვე შევაჩეროთ მწეველი მოზარდების რიცხვი". - ამბობს სუნაკი.

ამასთან, რიში სუნაკი იმედოვნებს, რომ ინგლისი 2030 წლისთვის იქნება ქვეყანა მწეველების გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ მწეველთა რაოდენობა მოსახლეობის 5%-ზე ნაკლები იქნება.

კომენტარები