უკრაინა

უკრაინამ ვიქტორ იანუკოვიჩს ევრომაიდანის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენა

ევრომაიდანი 2014
თამარა ქურდაძე / ტაბულა

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურმა დაასრულა გამოძიება უკრაინის ყოფილი მთავრობის წინააღმდეგ 2014 წლის 18-20 თებერვალს მომიტინგეების დარბევისა და სროლის ორგანიზებისთვის. ბრალი წარედგინა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს, უკრაინის იმდროინდელი უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და სხვა მაღალჩინოსნებს. 

დადგინდა, რომ 2014 წლის 18-20 თებერვალს ამ თანამდებობის პირებმა გასცეს ბრძანებები და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილებები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ სპეციალური საშუალებების, სამხედრო აღჭურვილობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დედაქალაქის ცენტრში და დემონსტრანტების დარბევის მიზნით. 

"ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ქვეყნის უახლესი ისტორიის საფუძველი გახდა". - წერია უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

ევრომაიდანის საპროტესტო აქციებზე მოკვდა 67 ადამიანი, დაშავდა 887 ადამიანი და 132 სამართალდამცველი.

 

კომენტარები