თბილისი

თბილისში შესაძლოა M3, N2 და N3 სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა 8:00-11:00 და 17:00-20:00 საათებში აიკრძალოს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე შესაძლოა აიკრძალოს M3 (დიდი ავტობუსები), N2 (საშუალო ზომის კომერციული მანქანები, მათ შორის, ფურგონები და მცირე სატვირთო მანქანები) და N3 (დიდი კომერციული მანქანები, მათ შორის, სატვირთო მანქანები და ავტობუსები) კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა 8:00-11:00 და 17:00-20:00 საათებში.

კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი კონკრეტულ საათებში ქალაქში საცობების განტვირთვაა და ეს აკრძალვა შეეხება ქალაქის იმ ტერიტორიას, სადაც პიკის საათებში გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.

"როდესაც ტექნიკურად გაუმართავია და პრობლემა აქვს, ეს იწვევს კიდევ უდიდეს პრობლემას, იხერგება გზის მონაკვეთები და გადაადგილება შეუძლებელი ხდება. ასეთი დიდი მანქანის გადაყვანას სჭირდება სპეციალური ტექნიკა და გარკვეული დრო. ეს რა თქმა უნდა უდიდეს შეფერხებას იწვევს და ამას შემდგომ ჯაჭვური რეაქცია აქვს, რაც სხვადასხვა მონაკვეთებზეც აისახება და უდიდეს დისკომფორტს წარმოადგენს თბილისელებისთვის". – ამბობს კალაძე.

კომენტარები