ჰანტერ ბაიდენის საქმე

ჰანტერ ბაიდენმა დელავერის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ უდანაშაულოა

ჯო ბაიდენის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი დელავერის სასამართლოში მისვლისას, 2023 წლის 3 ოქტომბერი
REUTERS/Mike Segar

დღეს, 10 ოქტომბერს დელავერის სასამართლოს ისტორიულ პროცესზე ჯო ბაიდენის შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა ჩვენება მისცა და თქვა, რომ უდანაშაულოა.

ეს არის აშშ-ს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის ზრდასრული შვილი სასამართლოს წინაშე წარსდგა. ბაიდენმა დარბაზი 25 წუთში დატოვა.

20 სექტემბერს იმასთან დაკავშირებით, რომ ბაიდენი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ისაუბრა მისმა ადვოკატმა, ები ლოუელმაც. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის შვილს სასამართლოსთვის მხოლოდ ორი სიტყვის თქმა სურდა, ამიტომ პროცესის ვიდეო-კონფერენციის ჩატარებაც მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამჟამად ჰანტერ ბაიდენისთვის წარდგენილი სამივე ბრალი ერთობლივად მაქსიმუმ 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილს, 53 წლის ჰანტერ ბაიდენს იარაღის უკანონო შეძენასთან დაკავშირებით ბრალი სამი მუხლით წარუდგინეს

ბაიდენს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ცრუ განცხადებებთან დაკავშირებით ორი მუხლით წარუდგინეს, ხოლო მის წინააღმდეგ წარდგენილი დამატებით ერთი ბრალდება ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დროს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობას გულისხმობს.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში, დელვერის იარაღის მაღაზიაში ბაიდენმა Colt Cobra Special-ის ტიპის რევოლვერის შეძენის დროს წარდგენილ, ფედერალური მანდატით დადგენილ ფორმებში იცრუა. მან დოკუმენტებში ჩაწერა, რომ არ იყო სტიმულანტების, ნარკოტიკების ან სხვა კონტროლირებადი ნივთიერების უკანონო მომხმარებელი, მაშინ, როცა რეალურად კოკაინზე იყო დამოკიდებული.

კომენტარები