სეიშელის კუნძულები

სეიშელის ოპოზიციის ლიდერი ჯადოქრობისთვის გაასამართლეს

სეიშელის მთავარი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებული სეიშელის ლიდერი, პატრიკ ჰერმინი შვიდ თანამზრახველთან ჯადაქრობისთვის გაასამართლეს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, პოლიტიკოსის ჯადოქრობა კუნძულ მაეზე სასაფლაოდან ექსჰუმირებული ორი გვამის აღმოჩენას უკავშირდება.

ჰერმინმა მედიასთან საუბრისას ბრალდება უარჰყო და გასამართლებას მისი იმიჯის შელახვის მიზნით დადგმული "პოლიტიკური შოუ" უწოდა.

პატრიკ ჰერმინი 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას და ის მოქმედი ხელისუფლების მთავარ კონკურენტად მიიჩნევა.

მაგისტრების სასამართლომ ჰერმინი და მისი ექვსი სეიშელელი თანამზრახველი დარბაზიდან გაათავისუფლა და გირაოს სახით 30 000 სეიშელური რუპია (2 100 აშშ დოლარი) დააკისრა. ტანზანიის მოქალაქე თანამზრახველი კი სასამართლოს მომდევნო სხდომამდე პატიმრობაში დატოვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰერმანი და მისი თანამზრახველები "ჯადოქრობისთვის განკუთვნილი ნივთების" ფლობაში დაადანაშაულეს. ჰერმინის თქმით, 40-მდე სამართალდამცველი მის სახლში ადამიანის "სხეულის ნაწილებს, ძვლებს და სხვა ობიექტებს ეძებდა, თუმცა, უშედეგოდ".

პატიმრობაში დატოვებული ტანზანიელის სახლიდან კი "ჯადოქრობასთან დაკავშირებული ნივთები", მათ შორის, ქვები, ხის შავი არტეფაქტები, მოყავისფრო სითხით სავსე მცირე ზომის ბოთლები, სხვადასხვა სახის ფხვნილი და დოკუმენტები ამოუღეს. პოლიცია აღნიშნავს, რომ დოკუმენტებში "უცნაური ენა და სატანური სიმბოლოები იყო" გამოყენებული.

კომენტარები