ჩინეთის მთვარის მისია

ჩინეთი მთვარის მისიისთვის მოკავშირეებს ეძებს

ვენჩანგის სატელიტების გაშვების ცენტრიდან Chang'e-5 მისიის გაშვება, 2020 წლის 23 ნოემბერი
CNSA

ჩინეთმა, რომელიც მიზნად ისახავს 2030 წლისთვის მთავარი კოსმოსური ძალა გახდეს, მთვარის მისია თანამშრომლობისთვის გახსნა.

ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტომ (CNSA) ბაქოში მიმდინარე 74-ე საერთაშორისო ასტრონავტულ კონგრესზე თქვა, რომ ჩინეთი უეკიპაჟო Chang'e-8 მისიაში სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობას მიესალმება.

CNSA-ის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისიაში მონაწილეობის შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორებს ჩინური კოსმოსური ხომალდის მთვარეზე დაშვების შემდეგ ადგილზე საკუთარი მოდულების განთავსებაც შეეძლებათ.

Chang'e-8 მისიას მთვარეზე Chang'e-7 მისიის შემდეგ გააგზავნიან. ეს უკანასკნელი 2026 წელს არის დაგეგმილი და მთვარის სამხრეთ პოლუსთან რესურსების პოვნას ისახავს მიზნად. ამ მისიებმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს 2030-იან წლებში პეკინის ხელმძღვანელობით დედამიწის თანამგზავრზე მთვარის კვლევის საერთაშორისო სადგურის (ILRS) მშენებლობას.

მანამდე, 2020 წელს ჩინეთმა მთვარეზე Chang'e-5 უეკიპაჟო მისია გაგზავნა, 2024 წლის პირველ ნახევარში კი მთვარის ხმელეთის ნიმუშების მოპოვებისთვის Chang'e-6 მისიის გაგზავნას აპირებს.

მთვარეზე სადგურის გასახსნელად უფრო ამბიციურ და მოწინავე პროგრამა Artemis-ს ახორციელებს NASA. პროგრამის ფარგლებში 2025 წლის დეკემბრისთვის, Artemis 3 მისიის ფარგლებში 2 ამერიკელი ასტრონავტის მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაშვება იგეგმება. დედამიწის თანამგზავრის ამ რეგიონში ადამიანი არასდროს ყოფილა. Artemis 4 და Artemis 5 მისიის ეკიპაჟები კი მთვარეზე 2027 და 2029 წელს დაეშვება.

29 სექტემბერს ქვეყნებმა, მათ შორის ინდოეთმა, პირველმა ქვეყანამ, რომელმაც მთვარის სამხრეთ პოლუსთან ზონდი დასვა, ხელი მოაწერეს არტემისის შეთანხმებას. აღნიშნული პაქტი NASA-ს მიერაა შემუშავებული და კოსმოსში და მთვარის ზედაპირზე ქცევის ნორმებს აყალიბებს. ჩინეთსა და რუსეთს შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერიათ.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ პეკინთან მთვარის მისიაში რუსეთი და ვენესუელა ითანამშრომლებენ. NASA-ს აშშ-ს კანონმდებლობით ჩინეთთან პირდაპირი თუ არაპირდაპირი თანამშრომლობა ეკრძალება.

კომენტარები