ჩინეთის კოსმოსური სააგენტო

ჩინეთი მთვარეზე ასტრონავტების დასმას 2030 წლამდე აპირებს

შენჭოუ 16-ის მისიაში მონაწილე ჩინელი ასტრონავტები
AP Photo/Mark Schiefelbein

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი დემოკრატიული მოკავშირეების წინააღმდეგ კოსმოსურ რბოლაში ჩართული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 2030 წლამდე ასტრონავტების მთვარეზე დასმას გეგმავს.

ინფორმაცია ჩინეთის ადამიანის მიერ პილოტირებული კოსმოსური ფრენების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლინ სიციანგმა 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა. ლინს კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ ჩინეთი თავდაპირველად ემზადება მცირე ხნით მთვარის ზედაპირზე დასარჩენად და იქ რობოტებისა და ადამიანების მიერ საერთო გამოკვლევის ჩასატარებლად.

ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ ასევე წარადგინა სამი ასტრონავტი, რომლებიც ჩინეთის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურ თიანგონგში წინამორბედებს შეცვლიან. ასტრონავტებს მისიაზე, რომლის ფარგლებშიც კოსმოსური სადგურის გაფართოებაც იგეგმება, 30 მაისს, კოსმოსური ხომალდი შენჭოუ 16-ით გაგზავნიან.

პირველად, მისიისთვის შერჩეული ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი სამოქალაქო პირია. აქამდე თიანგონგთან დაკავშირებულ ყველა მისიაში მხოლოდ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის წევრები მონაწილეობდნენ.

კოსმოსი ჩინეთისა და შეერთებული შტატების მიერ სულ უფრო მკვეთრად აღიქმება როგორც ახალი სფერო შეჯიბრისთვის.

სწორედ შეერთებული შტატების პროტესტის გამო, რომ ჩინეთის კოსმოსურ პროგრამებს სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთან ახლო კავშირი აქვთ, ჩინეთი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გარიცხეს, რის შემდეგაც მან საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობა დაიწყო.

შეერთებულმა შტატებმა 1969-1972 წლებში მთვარეზე ექვსი მისია გაგზავნა. აშშ ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნებას 2025 წლის ბოლოსთვის, დედამიწის თანამგზავრის სამხრეთ პოლუსთან მუდმივ ჩრდილში მყოფ კრატერებში სავარაუდოდ არსებული გაყინული წყლის სიახლოვეს გეგმავს.

კომენტარები