აზია

სამხრეთ კორეა: ჩრდილოეთ კორეა არასდროს იქნება აღიარებული ბირთვულ სახელმწიფოდ

Hwasong-17-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეის აღლუმზე

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა არასდროს იქნება აღიარებული ბირთვულ სახელმწიფოდ, ხოლო მისი მცდელობა, განავითაროს ბირთვული პროგრამა, მხოლოდ დამატებით სანქციებს გამოიწვევს რეჟიმის წინააღმდეგ.

სამხრეთ კორეამ აღნიშნული კომენტარი გააკეთა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩოე სონ ჰუის პასუხად, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა მისი სუვერენიტეტის ლეგიტიმური გამოხატულებაა.

"საერთაშორისო საზოგადოებამ აშკარად აკრძალა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღისა და რაკეტების განვითარება და მისი პროვოკაციები. ჩრდილოეთ კორეის ქმედებების მიუხედავად, მის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა არასდროს იქნება აღიარებული, ხოლო საერთაშორისო საზოგადოების სანქციები გაძლიერდება". – წერია განცხადებაში.

28 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული შესაძლებლობების გასაძლიერებლად საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორდღიანი შეხვედრის შემდეგ უმაღლესმა სახალხო ასამბლეამ ერთხმად მიიღო საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის განვითარებას შეუქცევად პროცესად აქცევს. კონსტიტუციის ტექსტის მიხედვით, მიზეზი ქვეყნის "არსებობის უფლების" უზრუნველყოფა და "ომის თავიდან არიდებაა". 

კიმ ჩენ ინმა აშშ-ს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის სამხედრო წვრთნები მოიხსენია, როგორც "უდედესი საფრთხე" და ხაზი გაუსვა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის საჭიროებას.

ერთი წლის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის ბირთვულ სტატუსთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და საკუთარი თავი "ბირთვულ სახელმწიფოდ" ოფიციალურად გამოაცხადა. ამასთან, ახალი კანონის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეას საკუთარი თავის დასაცავად წინმსწრები თავდასხმის უფლება ეძლევა.

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმება 2003 წელს დატოვა და 2006-2017 წლებში ბირთვული იარაღი ექვსჯერ გამოსცადა, რის გამოც გაეროს უშიშროების საბჭომ მას მრავალმხრივი საერთაშორისო სანქციები დაუწესა.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერების საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა 2003-2009 წლებში "ექვსი მხარის მოლაპარაკებების" ფორმატში – ჩრდილოეთ კორეის, სამხრეთ კორეის, აშშ-ს, ჩინეთის, იაპონიისა და რუსეთის ჩართულობით, ხოლო მეორე მოლაპარაკება შედგა 2017-2019 წლებში, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის, ჩინეთის არაფორმალური ჩართულობით. თუმცა, ორივე მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა. 

კომენტარები