უკრაინა-ევროკავშირი

ბორელი: ჩვენი მხრიდან უკრაინის უსაფრთხოების მთავარი მხარდაჭერა ევროკავშირის წევრობაა

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/ Johanna Geron

კიევში ვიზიტის ფარგლებში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა უკრაინის სამომავლო წევრობის შესახებ ისაუბრა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი რუსული აგრესიისა და დესტაბილიზაციის მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს.

ბორელმა ხაზი გაუსვა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს მათი მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა იქნება.  

"უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა, რომლის მიცემაც შეგვიძლია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობაა. ახლა უკრაინა არის კანდიდატი ქვეყანა და ის წინ მიიწევს ამ გზაზე". - თქვა ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე.

2 ოქტომბერს, კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ. შეხვედრა უნიკალურია, ვინაიდან პირველად ჩატარდა ომში ჩართულ ქვეყანაში და მას ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები დაესწრნენ.

1 ოქტომბერს ჯოზეფ ბორელი მოულოდნელი ვიზიტით ოდესაშიც ჩავიდა. მან ოდესის ფერისცვალების ტაძარი მოინახულა და ქალაქს სისტემატური რუსული თავდასხმების გამო სოლიდარობა გამოუცხადა.

კომენტარები