პარტია ლელოს წევრის, დავით უსუფაშვილის თქმით, 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა და მაშინდელმა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ივანიშვილის რეზიდენციაში პირადად ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ მარგველაშვილი თანამდებობას დატოვებდა. იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარე იხსენებს, რომ შეხვედრას თავად, ბიძინა ივანიშვილი, გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ.
უსუფაშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილსა და მაშინდელ ახალ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შორის უთანხმოება უშიშროების საბჭოს კანონთან დაკავშირებით მოხდა.
"შეხვედრა 2013 წლის დეკემბერში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში შედგა. საქმე ეხებოდა უშიშროების საბჭოს კანონს [...] ერთადერთი კანონი იყო დარჩენილი, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე სათანადო ცვლილებები ვერ შევიტანეთ - ეს იყო სწორედ უშიშროების საბჭოს შესახებ კანონი [...] ამ თემაზე მსჯელობისას აღმოჩნდა, რომ მაშინდელ ახალ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და მაშინდელ ახლადარჩეულ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საკუთარი როლები სხვადასგვარად ესმოდათ. ამიტომ, ჩემი ხელით დავწერე, თუ ეს საკითხი როგორ იყო სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც საპრეზიდენტოში, ასევე, საპარლამენტოში და ეს ყველაფერი საქართველოსთვის რას ნიშნავდა. ამ დოკუმენტის განსახილველად შევიკრიბეთ მე, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი მარგველაშვილი [...] რაღაც პერიოდი ივანიშვილი და მარგველაშვილი ცალკე გავიდნენ [...] შემდეგ, დაბრუნდნენ და გვითხრეს, რომ მათ ისაუბრეს და შეთანხმდნენ. მარგველაშვილმა თქვა: "არ მინდა, არ მიღირს პრეზიდენტობა. ეს ჩემთვის ის სკამი არ არის, რომელსაც უნდა გამოვეკიდო და ვიდავო. თუ სხვანაირად გესმით, მაშინ, კი ბატონო" - თქვა დავით უსუფაშვილმა TV პირველის ეთერში.
უსუფაშვილმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიორგი მარგველაშვილის ყოფილ მრჩეველს , ვანო მაჭავარიანსაც უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოლიტიკის გამო, ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილს გადადგომა მოსთხოვა. მაჭავარიანის თქმით, ამ თემაზე ე.წ. შუამავალი სწორედ დავით უსუფაშვილი იყო.
"ვანომ მაჭავარიანმა თქვა, რომ თითქოს, პრეზიდენტობის დროს, გიორგი მარგველაშვილს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომის თაობაზე ჩემი პირით შეუთვალა. ეს არასწორია, როგორც ჩანს, ის საქმის კურსში არ არის [...] კი, მართალია, რომ იყო ასეთი ვითარება, როდესაც მაშინდელი გადამდგარი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოგვეცხადნენ და მამცნეს, რომ შეთანხმდნენ, რომ მარგველაშვილი გადადგებაო. ეს შეხვედრა ივანიშვილის რეზიდენციაში შედგა [...] საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2 თვე იყო გასული, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა თქვა - მე მინდა, პრეზიდენტად ვიმუშაო და ამ ქვეყანას ვემსახურო, მაგრამ თუ თქვენ ასეთ ბრალდებებს მიყენებთ და ურთიერთობა ასე წარმოგიდგენიათ, დღესვე წავალ აქედან, თქვენი დასამადლებელი არაფერი მინდაო. მორალური თვალსაზრისით, მარგველაშვილის მხრიდან ეს გამართლებული იყო. ივანიშვილიც დაეთანხმა [...] ვანო მაჭარავარიანი რომ ამბობს, რომ თურმე, მე დავდიოდი შუამავლად, რომ მარგველაშვილი დამერწმუნებინა, გადადექიო - პირიქით, 2013-2014 წლების ახალი წლის დღეებში მე შუამავლად წინ და უკან დავდიოდი, რომ მარგველაშვილი გადამერწმუნებინა, რომ ეს არ ექნა [...] საბოლოოდ, მოხერხდა ის, რომ პროცესი იქამდე არ მივიდა, როგორც განზრახული იყო". - ამბობს უსუფაშვილი.
საქართველოს ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილმა მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანმა თქვა, რომ მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოლიტიკის გამო, ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილს გადადგომა მოსთხოვა. მაჭავარიანის თქმით, ამ თემაზე ე.წ. შუამავალი პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, ამჟამად კი პარტია ლელოს წევრი, დავით უსუფაშვილი იყო.
მაჭავარიანმა თქვა, რომ მაშინ უსუფაშვილი მათ ბიძინა ივანიშვილის სახელით ელაპარაკებოდა.