ქართული ოცნება

"ივანიშვილმა უსუფაშვილის შუამავლობით მარგველაშვილს გადადგომა მოსთხოვა" – მაჭავარიანი

საქართველოს ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოლიტიკის გამო, ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილს გადადგომა მოსთხოვა. მაჭავარიანის თქმით, ამ თემაზე ე.წ. შუამავალი პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, ამჟამად კი პარტია ლელოს წევრი, დავით უსუფაშვილი იყო.

"ყოველთვის არის ე.წ. კეთილმოსურნე, რომელიც შუამავლობს, რომ რადგან შენი პოლიტიკა არ ემთხვევა იმ ადამიანების პოლიტიკასა და ხაზს, რომლებმაც მხარი დაგიჭირეს და აგირჩიეს, ხომ არ სჯობს, რომ გადადგე? ხომ არ სჯობს, ამ პროცესს მოცილდე? იმიტომ, რომ ასე აჯობებს და მათ შორის, შეიძლება, სულ ზემოთ ასე მიაჩნდეთ [...] ასეთი შემთხვევა ჩვენც გვქონდა. პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი იყო მოსული, სადაც, ასევე, საუბარი იყო, რომ გიორგი მარგველაშვილის, საქართველოს მთავრობისა და ქართული ოცნების პოლიტიკა განსხვავდებოდა და ამ თემაზე საუბარი წავიდა, მარგველაშვილი ხომ არ იფიქრებდაო... [...] მაშინ ის ბიძინა ივანიშვილის სახელით გველაპარაკებოდა

არ ვიცი, თავად უსუფაშვილი ამ პოზიციას იზიარებდა თუ არა. შეიძლება, ის გარკვეულწილად მშვიდობის მტრედს თამაშობდა, მაგრამ გზავნილი ძალიან ცალსახა იყო. ამ შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილის რეაქციაც კარგად მახსოვს". - თქვა მაჭავარიანმა Palitranews-ის ეთერში.

მაჭავარიანი ამბობს, რომ როგორც ახლა ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს ექცევა, ეს მმართველი გუნდის პრაქტიკაა. მან გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებული უთანხმოებებიც გაიხსენა.

"ეს ამათი პრაქტიკაა. საწყის ეტაპზე ჩვენ ყველა ვიზიტი დაგვიბლოკეს. რაღაც მიზეზების გამო, მე გადადგომა მომიწია, ძალიან სერიოზული ზეწოლა წამოვიდა [...] იქაც ზუსტად იგივე პრობლემები იყო - წერილებისა და მოწვევების დამალვა". - თქვა მაჭავარიანმა.


მთავრობის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილს 10 ქვეყანაში დაგეგმილ ვიზიტებზე უარი უთხრა.  ქართული ოცნების განცხადებით, მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტის ვიზიტები საქართველოს კონსტიტუციას არღვევს და მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

კომენტარები