ლევან ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი: ყველა კვლევა ადასტურებს, ენმ მთავარი იარაღია ФСБ-ს აგენტების წინააღმდეგ

ლევან ხაბეიშვილი
ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევას და აღნიშნა, რომ "ყველა კვლევა ადასტურებს, ენმ მთავარი იარაღია "ეფესბეს" აგენტების წინააღმდეგ".

"ყველა კვლევა, ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი პარტია, მთავარი იარაღი "ეფესბეს" აგენტების წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს საკეთილდღეოდ. ცხადია, მნიშვნელოვანია პროდასავლური, პატარა პარტიების მოძლიერება. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. 63% ღიად, ჩამოყალიბებულად ოპოზიციურია და იმ 37%-შიც, რომელიც თითქოს რუსულ პარტიას აძლევს ხმას 10-15% არის საჯარო მოხელეები და ის ჯგუფები, ვისაც ეშინია ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. რუსული პარტია დასრულებულია და უნდა შევძლოთ კონსოლიდირება საერთო მიზნის გარშემო". - წერს ხაბეიშვილი.

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 37%-მა ქართული ოცნება დაასახელა, გამარჯვების პლატფორმა – 22%-მა, საქართველოსთვის – 10%-მა.

სხვა პარტიების რეიტინგები კი შემდეგნაირად განაწილდა:

  • გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - 4%
  • ლეიბორისტული პარტია - 4%
  • ლელო - 4%
  • ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 4%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
  • კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 3%
  • მოქალაქეები - 2%
  • ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 1%
  • პატრიოტთა ალიანსი - 1%
  • სხვა - <1%

კომენტარები