შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი: 2008 წელს რუსულ აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირება დროებითი და არაეფექტიანი იყო

ქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინის მაგალითისგან განსხვავებით, "2008 წელს რუსულ აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირება სუსტი, დროებითი და არაეფექტიანი იყო".

პაპუაშვილის თქმით, "რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის ნორმები".

"თუმცა, ჩემი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, ეს აგრესია სიურპრიზი არ ყოფილა. მართლაც, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ გვესმის უკრაინის ტკივილი.

საქართველო პირველი იყო, ვინც რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია საკუთარ თავზე 2008 წელს გამოცადა რუსეთის მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობის, ეთნიკური წმენდის, საკუთარი სახლებიდან ათეულობით ათასობით ადამიანის გამოყრის, საოკუპაციო ხაზით საზოგადოების გაყოფის სახით. 2008 წელს რუსულ აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირება სუსტი, დროებითი და არაეფექტიანი იყო. საბედნიეროდ, საქართველოს მაგალითისგან განსხვავებით, დღეს ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე ძლიერ და გაერთიანებულ ევროპულ რეაგირებას". - თქვა პაპუაშვილმა. 

კომენტარები