მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავა

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი სომხეთში გადასვლის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას და დაკავებული ვარდანიანის ფოტოს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

"27 სექტემბერს ლაჩინის გამშვებ პუნქტზე ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი, 1968 წელს დაბადებული, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის, ე.წ. სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი. ის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ბაქოში გადაიყვანეს". – წერია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

რუბენ ვარდანიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მინისტრი 2022 წლის ნოემბერში გახდა. 2023 წლის თებერვალში ის თანამდებობიდან მოხსნეს. რუსეთის მოქალაქე ვარდანიანი მსხვილი საინვესტიციო ჯგუფ Тройка диалог-ის დამფუძნებელია. გასული წლის სექტემბერში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის და საბოლოოდ გადასახლდება მთიან ყარაბაღში.


19 სექტემბერს აზერბაიჯანულმა თავდაცვის ძალებმა "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაიწყეს. 

აქამდე ბაქო სეპარატისტული არცახის შეიარაღებულ ფორმირებებს ადანაშაულებდა გზების დანაღმვაში, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებოდნენ, ფორმირებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიპარნენ და ახმედბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრზე განათავსეს ნაღმი, რომლის აფეთქების შედეგად 19 სექტემბერს, 03:45-ზე ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამას გარდა, ბაქომ გაავრცელა ცნობა, რომ ასევე ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი აზერბაიჯანელი პოლიციელი, რომლებიც "ტერორიზმის ადგილისკენ" მიდიოდნენ.

სეპარატისტები ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებდნენ.

20 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებენ, რადგან მიაღწიეს შეთანხმებას და სეპარატისტები დანებდნენ.

კომენტარები