ფეხბურთი

ნაპოლიმ ოსიმენის შესახებ დამცინავი ვიდეოები გამოაქვეყნა, ფეხბურთელი კლუბს უჩივლებს

იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა ნაპოლიმ TikTok-ის ოფიციალურ გვერდზე გუნდის ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ორი დამცინავი შინაარსის ვიდეო გამოქვეყნა, რომლებიც შემდეგ წაშალა.

ვიდეობის გავრცელებას 24 წლის ფორვარდის აგენტი, რობერტო კალანდა სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოსიმენი აპირებს ნაპოლის სასამართლოში უჩივლოს.

"რაც ნაპოლის TikTok-ის ოფიციალურ გვერდზე მოხდა, ჩვენთვის მიუღებელია. ვიდეო, რომელშიც ვიქტორს დასცინიან, ჯერ გამოქვეყნდა, შემდეგ კი, მოგვიანებით, წაიშალა. ეს სერიოზული შემთხვევაა, რომელიც ფეხბურთელს სერიოზულ ზიანს აყენებს და ამ ყველაფერს ისიც ემატება, რასაც ოსიმენი ბოლო პერიოდში მედიაში მის შესახებ გარჩევებისა და ფეიკ ნიუსების გამო განიცდის. ვიტოვებთ უფლებას, რომ ვიქტორის დასაცავად მივიღოთ სამართლებრივი ზომები. ამავდროულად, განვიხილავთ ნებისმიერი სასარგებლო ინიციატივა ვიქტორის დასაცავად". - წერს ოსიმენის აგენტი.

TikTok-ის ოფიციალურ გვერდიდან ვიდეობის წაშლის მიუხედავად, ვიქტორ ოსიმენმა Instagram-ის პირადი გვერდიდან ნაპოლის ფორმაში გადაღებული და კლუბთან ასოცირებული თითქმის ყველა ფოტო წაშალა.

აღსანიშნავია, რომ 2022-23 წლებში ნაპოლი 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა, ვიქტორ ოსიმენი კი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია. ამავე სეზონში ოსიმენმა 26 გოლით იტალიის ჩემპიონატში ბომბარდირის სტატუსი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ისტორიული სეზონის შემდეგ ნაპოლის ოსიმენისთვის ხელფასისა და კონტრაქტის ვადის გაზრდა სურდა, თუმცა, თვეების განმავლობაში მოლაპარაკებების მიუხედავად, მხარეებს შეთანხმებისთვის ამ დრომდე არ მიუღწევიათ. ნიგერიელ თავდამსხმელს ნეაპოლურ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2025 წლის ივნისში უმთავრდება.

კომენტარები