რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნებას ცდილობს

REUTERS

რუსეთი, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან 2022 წლის აპრილში უკრაინაში დაწყებული ომის გამო გააძევეს, საბჭოში დაბრუნებას ცდილობს.

როგორც BBC აღნიშნავს, რუსი დიპლომატების იმედოვნებენ, რომ ამ გზით რუსეთი გარკვეულ საერთაშორისო სანდოობას დაიბრუნებს მას შემდეგ, რაც ის უკრაინაში და საკუთარი ქვეყნის საზღვრებში ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს.

ერთ-ერთი უახლესი მტკიცებულება, რაც რუსეთის მხრიდან უფლებების დარღვევის ადასტურებს, უკრაინის შესახებ შექმნილი საგამოძიებო კომისიის ანგარიშშია ხაზგასმული და ის ადამიანის უფლებათა საბჭოს 25 სექტემბერს წარუდგინეს.

კომისიის თავმჯდომარის, ერიკ მოსეს თქმით, არსებობს ომის დანაშაულების მტკიცებულებები, მათ შორის, წამების, გაუპატიურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმების შესახებ.

ამავდროულად, რუსეთის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მარიანა კაცაროვას თქმით, რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია და წამებისა და არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი შეინიშნება.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ამჟამად 47 წევრი ჰყავს, თითოეული ქვეყანას სამი წლის ვადით არის არჩეული.

მომდევნო არჩევნებში, რომელიც 10 ოქტომბერს გაიმართება, რუსეთი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის დათმობილი ორი ადგილიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად ალბანეთსა და ბულგარეთს გაუწევს კონკურენციას.

კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 193-ვე წევრი.


2022 წლის 7 აპრილს გაერომ რუსეთისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა. გარიცხვის მომხრე 93 წევრი იყო, წინააღმდეგი - 24, 58-მა თავი შეიკავა.

გაეროს გენერალური ასემბლეის განცხადებით, "ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლება  შეუჩერდება საბჭოს წევრს, რომელიც ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას ჩაიდენს".  

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვა 5 აპრილს მოითხოვა

"რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ავტორიტეტული პოზიცია იმ საბჭოში, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობას. ეს არა მხოლოდ თვალთმაქცობაა, არამედ საშიშიცაა". - თქვა ელჩმა. 

კომენტარები