რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სევასტოპოლზე იერიში კვლავ მიიტანეს – ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი

სევასტოპოლი 23 სექტემბრის დილას, ფოტო სოციალური ქსელიდან

23 სექტემბერს, ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ხალხს მოუწოდებს, ფანჯრებს არ მიუახლოვდნენ და თავშესაფარი გამოიყენონ. 

ადგილობრივებისა და მედიის ინფორმაციით, სევასტოპოლში სირენის ხმა ისმის. 

გუშინ, 22 სექტქმბერს ოკუპირებულ ყირიმზე მდებარე სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე მიტანილ სარაკეტო იერიშს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, მიკოლა ოლეშჩუკი გამოეხმაურა.

"ხომ დაგპირდით, რომ "გაგრძელება იქნებოდა"... ასე რომ, სანამ მელიტოპოლში ოკუპანტები გამოჯანმრთელდებიან, სევასტოპოლში კი საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის, კიდევ ერთხელ მადლობა საჰაერო ძალების მფრინავებს. "ყველა რაკეტა ჩამოაგდეს!" - იმედი მაქვს, რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მომდევნო ჯერზეც არ გვიღალატებს. სევასტოპოლი უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ადგილია! ერთად გამარჯვებამდე!". – წერს ოლეშჩუკი.

22 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმზე, სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უკრაინელებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. რუსული მედია წერდა, რომ შემთხვევის ადგილის მიმართულებით სასწრაფო დახმარების მანქანების დიდი რაოდენობა მიდიოდა. რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში ირწმუნებიან, რომ მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 5 რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა შენობა მათმა ნამსხვრევებმა დააზიანა. ამ დროისთვის ერთი სამხედრო დაკარგულად ითვლება. დაშავებულთა რიცხვი ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოუცხადებიათ.

13 სექტემბერს უკრაინის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს სევასტოპოლში მდებარე ხომალდების სარემონტო ქარხანაზე, სადაც შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავი და სადესანტო გემი შესაკეთებლად იყო განთავსებული. ორივე ხომალდი მძიმედ დაზიანდა. შემდეგში გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც განადგურებული წყალქვეშა ნავიც ჩანდა.

კომენტარები