რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური სევასტოპოლზე: ხომ დაგპირდით, რომ გაგრძელება იქნებოდა

ოკუპირებულ ყირიმზე მდებარე სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე მიტანილ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, მიკოლა ოლეშჩუკი.

ოლეშჩუკის სიტყვებიდან ჩანს, რომ უკრაინის საჰაერო ძალები რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე იერიშების მიტანას მომავალშიც გააგრძელებენ.

"ხომ დაგპირდით, რომ "გაგრძელება იქნებოდა"... ასე რომ, სანამ მელიტოპოლში ოკუპანტები გამოჯანმრთელდებიან, სევასტოპოლში კი საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის, კიდევ ერთხელ მადლობა საჰაერო ძალების მფრინავებს. "ყველა რაკეტა ჩამოაგდეს!" - იმედი მაქვს, რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მომდევნო ჯერზეც არ გვიღალატებს. სევასტოპოლი უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ადგილია! ერთად გამარჯვებამდე!". – წერს ოლეშჩუკი.

22 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმზე, სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უკრაინელებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. რუსული მედია წერდა, რომ შემთხვევის ადგილის მიმართულებით სასწრაფო დახმარების მანქანების დიდი რაოდენობა მიდიოდა. რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში ირწმუნებიან, რომ მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 5 რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა შენობა მათმა ნამსხვრევებმა დააზიანა. ამ დროისთვის ერთი სამხედრო დაკარგულად ითვლება. დაშავებულთა რიცხვი ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოუცხადებიათ.

13 სექტემბერს უკრაინის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს სევასტოპოლში მდებარე ხომალდების სარემონტო ქარხანაზე, სადაც შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავი და სადესანტო გემი შესაკეთებლად იყო განთავსებული. ორივე ხომალდი მძიმედ დაზიანდა. შემდეგში გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც განადგურებული წყალქვეშა ნავიც ჩანდა.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, მიკოლა ოლაშჩუკი წერდა, რომ "გაგრძელება იქნებოდა".

კომენტარები