უკრაინა-პოლონეთი

დუდა: არ მჯერა, რომ მარცვლეულის დავა ჩვენი და უკრაინის ურთიერთობას მნიშვნელოვნად შეცვლის

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას მიაჩნია, რომ მარცვლეულზე დავა ძირეულად არ შეცვლის ორი ქვეყნის ურთიერთობას. ამის შესახებ დუდამ ქალაქ პოზნანში გამართულ კონგრესზე ილაპარაკა

"ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ პოლონურ ბაზარზე უკრაინული ხორბლის შემოსვლის პრობლემა პოლონურ-უკრაინული ურთიერთობების აბსოლუტურად "გვერდითი" ელემენტია და არ მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები ძირეულად შეიცვლება. 

ჩემთვის უკრაინასთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს. სრულიად სერიოზულად ვამბობ ამას. ეს არ არის რაღაც მოვლენა ან აქცია, ეს არის ჩვენი ხალხების ისტორიული განზომილება". – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

პოზნანში გამართული კონგრესზე უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმას განიხილავდნენ. ერთიანი მომავალი ასე ჰქვია კონგრესს, რომელსაც პრეზიდენტის გარდა პოლონეთის წამყვანი ბიზნესმენებიც დაესწრნენ.

"მომავალში უკრაინა აუცილებლად უნდა ამოვიყვანოთ ომის ნანგრევებიდან. ამ საქმეში უდიდესი იქნება პოლონელი მეწარმეების როლი". – ამბობს დუდა.

უკრაინასა და პოლონეთს ურთიერთობა მარცვლეულის ემბარგოს გამო ბოლო რამდენიმე თვეა დაეძაბათ

21 სექტემბერს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს აღარ აწვდის, სანაცვლოდ პოლონეთი ყურადღებას საკუთარი ქვეყნის თანამედროვე შეიარაღებაზე გაამახვილებს. 

პრემიერმინისტრის სიტყვებს გამოეხმაურა პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა. ინტერვიუში ტელეარხ TVN24-თან ქვეყნის პირველმა პირმა ასე ილაპარაკა:

"პრემიერმინისტრის სიტყვები ძალიან არასწორად აღიქვით. ჩემი აზრით, პრემიერმინისტრმა იგულისხმა: ჩვენ არ ვაპირებთ, უკრაინას მივცეთ ახალი იარაღი, ის იარაღი, რომელსაც ახლა პოლონური ჯარისთვის ვყიდულობთ".

კომენტარები