საქართველო-რუსეთი

ცხინვალში რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტის შესაძლებლობას მხარს უჭერენ – მედია

TACC

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წყარომ რუსეთიდან საქართველოში სატრანზიტო გზის შესაძლო გახსნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხინვალში ამ შესაძლებლობას მხარს უჭერენ.

"ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რა პირობებით შეგვიძლია ამის მიღება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ეს თანაბარუფლებიანი პირობებია და ჩვენ ვართ ამ ჯაჭვის ღირსეული რგოლი, მაშინ რატომაც არა? როგორი განვითარება შეიძლება გვქონდეს ჩიხში?! რა პირობებში და ვინ ვართ ამ თამაშში? ესაა საკითხავი". - აღნიშნა ტელეგრამ-არხ Сапа Цхинвал-ის თანამოსაუბრემ. 

მისივე თქმით, ამ საკითხისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენლები მიწვეული არ ყოფილან.

"რა თქმა უნდა, გამიკვირდა, რომ მთავარ განხილვებზე არ მიგვიწვიეს. რატომ არ მიიწვიეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები? იქ ხომ ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის პრემიერმინისტრები იყვნენ. მაგრამ ჩვენებს არ აცნობეს". - დასძინა მან.

Сапа Цхинвал-სთან წყარომ ასევე ისაუბრა ადრე გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელზეც რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი განიხილეს. 

"ადრე არაფორმალური დისკუსია გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასთან. ძირითადად განიხილავდნენ "ზემო ლარსს", რადგან გამშვები პუნქტი ნაკადებთან გამკლავებას ვერ ახერხებს. ამ შეხვედრაზე ინგუშებმა შესთავაზეს საქართველოსკენ რკინიგზის აშენება მათ ტერიტორიაზე, ხოლო სამხრეთ ოსეთის მხარემ შემოგვთავაზა, რომ რკინიგზას ჩვენზე გაევლო - სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის". - თქვა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წყარომ.

19 სექტემბერს ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიკავკაზში რუსულ-ქართული ბიზნესის საბჭოს სხდომაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გავლით გზის გახსნის შესახებ მოსაზრება გამოითქვა

"ზემო ლარსის" გავლით არსებული გზა არის ერთადერთი მოქმედი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც რუსეთს საქართველოსთან აკავშირებს. ერევანი, მოსკოვი და სოხუმი პერიოდულად საუბრობენ ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების გახსნის შესახებ.

კომენტარები