საქართველო-რუსეთი

Агентство: ФСБ-სთან დაახლოებული ინსტიტუტი თბილისში მართავს კონფერენციას "ღირებულებებზე"

ვლადიმირ პუტინი და НИИКР-ს დირექტორი

რუსულენოვანი დამოუკიდებელი მედიაპროექტი Агентство წერს, რომ ორშაბათს, 22 აპრილს თბილისში იმართება კონფერენცია: "რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები - 2024, მიზიდულობის ძალები".

როგორც მედია წერს, მისი ერთ-ერთი ორგანიზატორია კომუნიკაციების განვითარების კვლევითი ეროვნული ინსტიტუტი (НИИКР), რომელიც რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ), საგარეო დაზვერვის საბჭოსა (СВР) და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლების მიერაა შექმნილი.

НИИКР-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანონსის მიხედვით, კონფერენციაზე რუსმა და ქართველმა "ექსპერტებმა" უნდა განიხილონ თემა "ტრადიციულ ღირებულებებზე, როგორც ქვეყნებისა და ერების დამაახლოებელზე".

საქართველოდან კონფერენციაში ჩართული არიან პრორუსული ორგანიზაციები: ევრაზიის ინსტიტუტი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი SIKHA Foundation-ი.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვა НИИКР-ს დირექტორის მოადგილე ვალენტინა კომლევა, პოლიტექნოლოგი ევგენი მინჩენკო, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი ალექსანდრე იაკოვლევი. ამას გარდა, ვიდეოზარით ჩაერთვებიან რუსეთის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მსოფლიოს სამხედრო ეკონომიკისა და სტრატეგიის ინსტიტუტის მკვლევარი ევგენია გორიუშინა.

НИИКР-ს ვებგვერდზე არაა დაზუსტებული კონფერენციის ჩატარების ადგილი. როგორც Агентство წერს, მათ კომლევამ დაუდასტურა, რომ კონფერენცია მართლაც ორშაბათს, თბილისში ტარდება.

СПАРК-ის მონაცემების მიხედვით, НИИКР შეიქმნა 2020 წელს. მის თანადამფუძნებელთა შორის იყო ნიკოლაი გრიბინი - КГБ-ს ყოფილი აგენტი კოპენჰაგენში, КГБ-ს მე-3 განყოფილების (რომელსაც ებარა დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და სკანდინავიის ქვეყნები) ყოფილი მეთაური და საგარეო დაზვერვის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი. ამის შესახებ საუბარია თავად ინსტიტუტის ვებგვერდზე და რუსული სპეცსამსახურების ისტორიის საიტზე.

მეორე თანადამფუძნებელია ირინა ზავესნიცკაია, რომელიც, გაჟონილი ინფორმაციების მიხედვით, დარეგისტიტრებულია იგივე მისამართზე, რომელსაც იყენებს НИИКР-ს დირექტორი, ვლადისლავ გასუმიანოვი. გასუმიანოვის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, კაცი მუშაობდა КГБ-ში, СВР-სა და ФСБ-ში 1982-2001 წლებში. ის ასევე მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების საკითხების მართვის ხელმძღვანელის მოადგილედ.

НИИКР-ს სამეთვალყურეო საბჭოში, გასუმიანოვისა და გრიბინას გარდა, შედიან საბჭოთა და რუსული სპეცსამსახურების სხვა ყოფილი თანამშრომლებიც, მათ შორის ФСБ-ს ოპერატიული ინფორმაციების დეპარტამენტის მე-5 სამსახურის (ეს შტო კურირებს ФСБ-ს კავშირს საზღვარგარეთ მყოფ პარტნიორებთან) დეპარტამენტის ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ბოლიუხი. 

ФСБ-ს კონტრდაზვერვის ოპერაციების სამმართველოს მეთაურის ყოფილი მოადგილე ბორის მიროშნიკოვი და კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე და რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი, გენერალ-პოლკოვნიკი ვალენტინ სობოლევი.

კონფერენცია "რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები - 2024. მიზიდულობის ძალები" სხვადასხვა ქალაქებში ტარდება. მთავარი სესია 23 მაისს მოსკოვში შედგა. თბილისისა და მოსკოვის გარდა, კონფერენცია ტარდება მინსკში, დუშანბეში, ბიშკეკსა და ოკუპირებულ ცხინვალშიც კი.

გასულ წლებს ამ კონფერენციებში მონაწილეობდნენ კრემლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.

რაც შეეხება კონფერენციაში ჩართულ ქართულ ორგანიზაციებს, SIKHA Foundation-ის დამფუძნებელია არჩილ სიხარულიძე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგია და ვლადიმირ პუტინის ინიციატივების მხარდამჭერია. ხოლო ევრაზიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს გულბაათ რცხილაძე, რომელიც უკრაინაში მებრძოლ რუს ოკუპანტებს დახმარებას უგზავნიდა, მხარს უჭერს რუსეთთან საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობას და ჩართულია საქართველოში კრემლის დეზინფორმაციის გავრცელების კამპანიაში.

 
 

კომენტარები