საქართველოს პარლამენტი

ხათუნა სამნიძეს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას შენიშვნა მიკროფონის გარეშე საუბრისთვის მისცა და საკუთარ ადგილზე დაჯდომისკენ მოუწოდა. შემდეგ კი, პაპუაშვილმა მანდატურებს უბრძანა, რომ სამნიძე დარბაზიდან გაეყვანათ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად ხათუნა სამნიძე და მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი კი ოთარ ფარცხალაძისა და ეროვნული ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენები იყო. ოპოზიციონერი დეპუტატები ცდილობდნენ, რომ სხვადასხვა კანონპროექტის განხილვის დროს, კითხვები სწორედ ფარცხალაძისა და ეროვნული ბანკის გარშემო დაესვათ, რის შესაძლებლობასაც მათ შალვა პაპუაშვილი არ აძლევდა. 

"ნებისმიერი საკითხი, რომელიც პარლამენტში განიხილება, თუნდაც მესამე მოსმენითა და რედაქციული ხასიათის განხილვის დროს, საქართველოს მომავალს ეხება. ამ ქვეყნის მომავალს კი პირდაპირ უკავშირდება ის, რაც გუშინ ჩაიდინეთ - ყველა ოთარ ფარცხალაძეს გადაეფარეთ". - მიმართა სამნიძემ უმრავლესობის წევრებს სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები