ჩინეთი-სირია

ბაშარ ალ-ასადი ჩინეთშია – სირია დიპლომატიური იზოლაციიდან თავის დაღწევას ცდილობს

სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი და მისი ცოლი, ასმა ხანგჭოუში, Air China-ს თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას, 2023 წლის 21 სექტემბერი
Syrian Presidency/Handout/Reuters

დიპლომატიური იზოლაციიდან თავის დაღწევის მცდელობის ფარგლებში, სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ ასადი ჩინეთში ჩავიდა. მან 2004 წლის შემდეგ ქვეყანაში პირველი ვიზიტი ქალაქ ხანგჭოუში დაიწყო.

ასადი ჩინეთში Air China-ს თვითმფრინავით ჩავიდა. დაშვებისას ხანგჭოუს აეროპორტი სქელი ნისლით იყო დაფარული, რამაც, ჩინური სახელმწიფო მედიის თქმით, ასადის სტუმრობას "საიდუმლო ატმოსფერო შემატა". სირიის ლიდერი თავისი ქვეყნის გარეთ ძალიან იშვიათად გადის.

ასადი ხანგჭოუში ათობით სხვა სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად აზიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება, რის შემდეგაც დელეგაციასთან ერთად ჩინეთის რამდენიმე ქალაქში მაღალი დონის მოლაპარაკებებს გამართავს. შეხვედრა დაგეგმილია ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთანაც.

2022 წელს ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივასთან შეერთების და მიმდინარე წლის მაისში არაბული ქვეყნების ლიგაში ხელახლა მიღების შემდეგ, ასადის ვიზიტი სირიისთვის დიპლომატიური იზოლაციიდან მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნების კამპანიის ლეგიტიმურობას გაზრდის.

ასადის რეჟიმმა რუსეთისა და ირანის სამხედრო მხარდაჭერით სირიის ორ მესამედზე დაამყარა კონტროლი, მაგრამ ის დასავლეთისგან იზოლირებული რჩება.

უკვე დიდი ხანია არსებობს ვარაუდი, რომ სირია პეკინისგან ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის აღსადგენად ფინანსურ მხარდაჭერას ელის. მოსალოდნელია, რომ სი ძინფინგთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იქნება.

მეორეს მხრივ, ასადის ვიზიტი ჩინეთისთვის ახლო აღმოსავლეთში, მისთვის ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგების მიმწოდებელ რეგიონში პოლიტიკური გავლენის ზრდისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

პეკინი, რომელიც აქამდე ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური ინტერესებით მოქმედებდა, ბოლო პერიოდში რეგიონში მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედაც წარმოგვიდგა. მარტში ჩინეთის შუამავლობით დიდი ხნის დაპირისპირებული ძალები, ირანი და საუდის არაბეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ.

ბაშარ ალ ასადი ჩინეთში ბოლოს 2004 წელს ჩავიდა და იმჟამინდელ პრეზიდენტს, ხუ ძინთაოს შეხვდა. ეს ორ ქვეყანას შორის 1956 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ სირიის ლიდერის პირველი ვიზიტი იყო ჩინეთში.

პეკინი მოსკოვთან და თეირანთან ერთად დამასკოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დასავლური სანქციების მიუხედავადაც ინარჩუნებს. 2011 წელს, ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკად ჩახშობის გამო, რაც შემდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა, ავსტრალიამ, კანადამ, ევროკავშირმა, შვეიცარიამ და აშშ-მ სირიას სანქციები დაუწესეს, თუმცა გაეროს უშიშროების საბჭოში ჩინეთისა და რუსეთის ყოფნის გამო მრავალმხრივი სანქციების გამოყენების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

ჩინეთმა, სულ მცირე, რვაჯერ დაადო ვეტო გაეროში ასადის მთავრობის დაგმობის წინადადებას. მიუხედავად ამისა, ირანისა და რუსეთისგან განსხვავებით, ჩინეთი ქვეყანაზე სრული კონტროლის დასაბრუნებლად ასადის რეჟიმს ღიად არასდროს დახმარებია.

სირია ჩინეთის ნავთობის დაახლოებით მეათედის მომწოდებელ ერაყს, აზიაში გადაჭიმული სავაჭრო გზების ევროპაში გასასვლელ თურქეთსა და რეგიონული დავების ხშირ შუამავალ იორდანიას შორის მდებარეობს, რის გამოც ქვეყანას პეკინისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები