სირია

რამდენიმეწლიანი გარიცხვის შემდეგ, სირია არაბთა ლიგაში დააბრუნეს

არაბთა ლიგის გენერალური მდივანი, აჰმედ აბულ ღეითი, ეგვიპტე, კაირო, 2023 წლის 7 მაისი.
REUTERS/Amr Abdallah Dalsh

7 მაისს არაბთა ლიგამ სირია, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია, რაც გარიცხული იყო, ხელახლა მიიღო, მაშინ, როცა რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა, ვაშინგტონის კრიტიკის მიუხედავად, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან ნორმალიზაციას ცდილობს.

7 მაისს გამართული სხდომის გადაწყვეტილებით, სირია არაბთა ლიგის შეხვედრებზე დასწრებას დაუყოვნებლივ შეძლებს. პარალელურად გაკეთდა მოწოდება, რომ მოგვარდეს სირიის სამოქალაქო ომის შედეგად შექმნილი კრიზისი, დევნილთა მეზობელ ქვეყნებში გადასვლისა და ნარკოტიკის კონტრაბანდის ჩათვლით.

არაბული სახელმწიფოები, არაბთა გაერთიანებული საამიროების ჩათვლით, მიისწრაფვიან ასადის რეჟიმის იზოლაციის დასრულებისკენ, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ამ ნაბიჯის წინააღმდეგია და სრულ ნორმალიზაციას სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გადაჭრისა და დამასკოსგან პირობების გარეშე არ ემხრობიან.

კატარი, რომელიც სირიის ლიგაში დაბრუნებას ეწინააღმდეგებოდა, ახლაც არ იცვლის ნორმალიზაციასთან დაკავშირებულ პოზიციას და მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, იმედოვნებენ, რომ სირიაზე რეგიონული კონსენსუსის მიღწევა შესაძლოა იყოს "მოტივი სირიის რეჟიმისთვის, რომ კრიზისის საწყისებს მიხედოს".

"სირიის ხელახლა დაშვება არ ნიშნავს არაბულ ქვეყნებსა და სირიას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას. ეს ყოველი ქვეყნის გასაკეთებელი სუვერენული გადაწყვეტილებაა". – თქვა არაბთა ლიგის გენერალურმა მდივანმა, აჰმედ აბულ ღეითმა.

სირიამ არაბულ ქვეყნებს "ურთიერთპატივისცემის" გამოხატვისკენ მოუწია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი იზიარებს არაბი პარტნიორების მიზნებს სირიაში, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ჩათვლით, თუმცა სკეპტიკურად უყურებენ ასადის სურვილს, გადადგას კრიზისის გადაჭრისთვის საჭირო ნაბიჯები.

სირიის ლიგაში დაბრუნება მოჰყვა იორდანიის ინიციატივას, სირიის კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით.

ასადთან ურთიერთობის აღდგენას დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა საუდის არაბეთი, თუმცა, ირანთან, რეგიონში სირიის მთავარ პარტნიორთან, ურთიერთობის გაუმჯობესების შემდეგ, აღნიშნეს, რომ დამასკოსთან ახალი მიდგომა სჭირდებათ.

მცირე ხნის წინ არაბული სახელმწიფოები ცდილობდნენ მიეღწიათ საერთო აზრისთვის, დაპატიჟონ თუ არა ასადი არაბთა ლიგის სამიტზე, რომელიც 19 მაისს რიადში ჩატარდება. არაბთა ლიგის გენერალური მდივნის თქმით, რადგან სირია კვლავ სრულფასოვანი წევრია, თუ ბაშარ ალ-ასადს სურვილი ექნება, მას 19 მაისის სამიტზე დასწრება შეეძლება.

სირია არაბთა ლიგიდან მას შემდეგაა გარიცხული, რაც ოპოზიციის მიერ გამართული აქციები 2011 წელს დაუნდობლად დაარბია, რასაც სამოქალაქო ომის დაწყება მოჰყვა.

კომენტარები