რუსეთი-ირანი

სერგეი შოიგუ ირანში იმყოფება, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სარაკეტო კომპლექსები დაათვალიერა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ თეირანში ათვალიერებს სარაკეტო კომპლექსს, 2023 წლის 20 სექტემბერი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ოფიციალური ვიზიტით თეირანში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შოიგუ ირანის აეროკოსმოსური ძალების კორპუსის გამოფენას დაესწრო.

გამოფენაზე ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიერ შექმნილი პროდუქციაა წარმოდგენილი, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე საშუალო და დიდი მანძილის ტაქტიკური სარაკეტო ბალისტიკური კომპლექსები. 

შოიგუ ირანში 19 სექტემბერს ჩავიდა. თავდაცვის მინისტრის თქმით ვიზიტი რუსულ-ირანული სამხედრო კავშირების გაძლიერებას და გამყარებას ემსახურება.

"რუსეთისა და ირანის ურთიერთობა ახალ დონეს აღწევს". – განაცხადა ვიზიტის მსვლელობისას შოიგუმ.

2022 წლიდან რუსეთი ირანისგან მასიურად ყიდულობს შაჰედის ტიპის დრონებს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურად იყენებს. 

2023 წელს რუსეთმა თავად წამოიწყო შაჰედების წარმოება, თუმცა ბრიტანული დაზვერვის ცნობით წარმოება მაინც დამოკიდებული იქნება ირანიდან მოწოდებულ სათადარიგო ნაწილებზე.

კომენტარები