ოთარ ფარცხალაძე

კობახიძე სებ-ის ბრძანებაზე: ეს არის სახელმწიფო, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას უფრთხილდება

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის საგამონაკლისო ბრძანებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძის გამო ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეიცვალა. კობახიძის თქმით, საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას უფრთხილდება.

ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, მისი განცხადება ხომ არ გახდა ეროვნული ბანკისთვის პირდაპირი მითითების საფუძველი, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ.

"ეს ხომ მარტივი სამართლებრივი საკითხია. რაც შეეხება კონსტიტუციურობას, ესეც მარტივი კაზუსია. მთავარი, რაც რადიკალურ ოპოზიციას მუდმივად აღელვებს, არის ის, რომ უნდათ, როგორმე კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდნენ. სახელმწიფოს გაყვანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ შეიძლება, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებების სფეროში [...] ეს არის სახელმწიფო, რომელიც უფრთხილდება საკუთარ კონსტიტუციას, ასევე, უფრთხილდება ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებს და ადამიანის ძირითად უფლებებს განუხრელად იცავს". - უპასუხა კობახიძემ. 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ 19 სექტემბერს საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა და ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ "საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად", თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია".

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა. მისივე მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიც.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით".

ამის შემდეგ, ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. კანონმდებლობით, პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა უწყდება. 

ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ "საქართველოს პრეზიდენტთან ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა". პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას და მას "დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს".

კომენტარები