ჰანტერ ბაიდენი

ჰანტერ ბაიდენი სამივე ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

GETTY IMAGES

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პერიოდში მისი ფლობის გამო სამი ბრალდება წარუდგინეს, ადვოკატის თქმით, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მოსამართლისადმი მიწერილ წერილში ბაიდენის ადვოკატმა, ები ლოუელმა პირველი საპროცესო შეხვედრა დისტანციურ ფორმატში მოითხოვა.

ადვოკატის თქმით, ჰანტერ ბაიდენს მხოლოდ ორი სიტყვის თქმა სურს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ბრალს არ აღიარებს და ფიქრობს, რომ ამისთვის ვიდეო-კონფერენციის გამართვაც საკმარისია.

ლოუელმა დასძინა, რომ ვიდეო-კონფერენციის გამართვის ინიციატივა "პრეზიდენტის შვილისადმი განსაკუთრებული მოპყრობის მოთხოვნას" არ ეფუძნებოდა. 

15 სექტემბერს ჰანტერ ბაიდენის ადვოკატმა ასევე თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ იარაღის უკანონო შეძენასთან დაკავშირებული ბრალდება "სავარაუდოდ, არაკონსტიტუციურია" და მისი ვარაუდით "საქმე, სავარაუდოდ, სასამართლომდე დაიხურება".

ამჟამად ჰანტერ ბაიდენისთვის წარდგენილი სამივე ბრალი ერთობლივად მაქსიმუმ 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილს, 53 წლის ჰანტერ ბაიდენს იარაღის უკანონო შეძენასთან დაკავშირებით ბრალი სამი მუხლით წარუდგინეს

ბაიდენს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ცრუ განცხადებებთან დაკავშირებით ორი მუხლით წარუდგინეს, ხოლო მის წინააღმდეგ წარდგენილი დამატებით ერთი ბრალდება ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დროს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობას გულისხმობს.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში, დელვერის იარაღის მაღაზიაში ბაიდენმა Colt Cobra Special-ის ტიპის რევოლვერის შეძენის დროს წარდგენილ, ფედერალური მანდატით დადგენილ ფორმებში იცრუა. მან დოკუმენტებში ჩაწერა, რომ არ იყო სტიმულანტების, ნარკოტიკების ან სხვა კონტროლირებადი ნივთიერების უკანონო მომხმარებელი, მაშინ, როცა რეალურად კოკაინზე იყო დამოკიდებული.

კომენტარები