რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გაათავისუფლა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის მოადგილეები დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, თანამდებობა რეზნიკოვის ექვსმა მოადგილემ: ვლადიმირ გავრილოვმა, როსტისლავ ზალმნისკიმ, ანა მალიარმა, დენის შარაპოვმა, ანდრეი შევჩენკომ, ვიტალი დეინეგამ და სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, კონსტანტინ ვაშჩენკომ დატოვეს.

უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, მინისტრის გადაყენების შემთხვევაში, მინისტრის პირველი მოადგილე და სხვა მოადგილეები დაკავებული თანამდებობიდან მინისტრთა კაბინეტმა უნდა გადააყენოს.

Украинская правда თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ყოფილმა მოადგილეებმა ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის თხოვნის შემდეგ გადადგომის შესახებ მიმართვები ნებაყოფლობით დაწერეს და თანამდებობებზე აღარ დაბრუნდებიან. ახალი მინისტრის მოადგილეებთან დაკავშირებით კი კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.


ოლეკსი რეზნიკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს 4 სექტემბერს ჩააბარა. მომდევნო დღეს კი უკრაინის რადამ რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.

3 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ახალი თავდაცვის მინისტრი ყირიმელი თათარი, რუსტემ უმეროვი იქნება, რომელიც სახელმწიფო საკუთრების ფონდის უფროსი იყო.

კომენტარები