აშშ-ის სანქციები

ფარცხალაძის დასანქცირებაზე პარტნიორებმა მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროონ – კალაძე

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაცია უნდა იყოს გასაჯაროებული. კალაძის  თქმით, საჭიროა მეტი კონკრეტიკა, რასაც მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს. 

"საქართველოს მოქალაქეზე, რომელზეც ამბობენ, რომ სანქცირებულია და კონკრეტულ ბრალდებაზე იყო საუბარი, მეტი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი. როდესაც ვსაუბრობთ, რომ შესწავლა დაიწყო, ალბათ, შესაბამისი უწყება თავის კოლეგებს მიმართავს, რომ მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით" - ამბობს კალაძე და მოსამართლეთა დასანქცირებას იხსენებს.

"ვიზების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იყო მიღებული, თუმცა ახსნა-განმარტებაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რას უკავშირდებოდა. სტრატეგიულ პარტნიორზე როცა არის საუბარი და ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, სულ მცირე, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა არის მიზეზი” - ამბობს თბილისის მერი.


შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. 

"ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით". – აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

აშშ-ს უწყება აღნიშნავს, რომ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია და იგი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობდა. 

კომენტარები