ქართული ოცნება

პაპუაშვილი: ერთადერთი, ვინც საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას ახდენს, ქართველი ხალხია

შალვა პაპუაშვილი ოთარ ფარცხალაძის დასანცქირების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერმა, ალექსანდრ ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. პაპუაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი სუბიექტი, ვინც საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას ახდენს, ქართველი ხალხია.

"ერთადერთი სუბიექტი, ვინც საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას ახდენს, არის ქართველი ხალხი. ამას სწორედ ქართველი ხალხი ხედავს. რა თქმა უნდა, ბევრი აქტორია, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს - ეს მხოლოდ რუსეთი არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, საქართველოზე გავლენის მოხდენის მცდელობა და ზეწოლაა. მიხეილ სააკაშვილის თემაზეც ხომ ხედავთ, რამხელა ჯგუფებია ჩართული, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინონ. საქართველოზე ასეთი გავლენების მოხდენას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯგუფი თუ სახელმწიფო ცდილობდა. მაგრამ, ქართული ოცნების ხელისუფლების სიძლიერე სწორედ ეს არის, რომ ის ერთადერთი სუბიექტი, ვინც მასზე გავლენას ახდენს, ქართველი ხალხია. ამას რომ ქართველი ხალხი ხედავს, იმიტომაცაა, რომ უკვე მესამეჯერ არის ქართული ოცნება ხელისუფლებაში". - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა.  

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძის გარდა, სანქციები დაუწესდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, ალექსანდრ ონიშჩენკოს. 

ამავე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ონიშჩენკო
"თავის თანამოაზრე  ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში" დაეხმარა. 

"ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით". – აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

აშშ-ს უწყება აღნიშნავს, რომ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია და იგი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობდა. 

კომენტარები