საქართველო-ევროკავშირი

ვარჰეი: საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 3 შეასრულა, ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია

მთავრობის ადმინისტრაცია

ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გაიმეორა, რომ საქართველოს მთავრობას ევროპული საბჭოს მიერ მიცემული 12 პუნქტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული და დაამატა, რომ ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ოქტომბერში ანგარიში მზად იქნება.

"ვფიქრობ ძალიან ცხადია, რა არის პირობები საქართველოსთვის, რომ კანდიდატი ქვეყანა გახდეს. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ ძალიან ცხადი პირობები წამოაყენა. ვიმედოვნებ, საქართველო მათ შეასრულებს, რათა მათთვის შევძლოთ დადებითი პასუხის თქმა. ვხედავთ, რომ მთავრობამ შეძლო 12-დან 3 პრიორიტეტის შესრულება. ახლა, რა თქმა უნდა, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ანგარიში უკვე ოქტომბერში იქნება მზად. ასე რომ, ვიმედოვნებ, საქართველო ამას შეძლებს. რასაც ვხედავთ არის ის, რომ ქართველ ხალხს, ყველას უნდა ევროკავშირში შესვლა და კანდიდატ ქვეყნად გახდომა. ასე რომ, ვიმედოვნებ, მთავრობას შეძლებს პირობების შესრულებას, რათა ჩვენ მომდევნო ნაბიჯი გადავდგათ". – თქვა ვარჰეიმ. 

აქამდე, 22 ივნისს ვარჰეიმ თქვა, რომ საქართველოს 12 პუნქტიდან სრულად შესრულებული ჰქონდა სამი, შვიდი კი - ნაწილობრივ.

ვარჰეიმ მაშინ განმარტა, რომ სრულად შესრულებულია შემდეგი რეკომენდაციები: გენდერული თანასწორობა და ძალადობა ქალთა წინააღმდეგ; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინების შესახებ; სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესის გამჭვირვალობის შესახებ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შეფასებას, რომ საქართველომ 12-დან სრულად მხოლოდ 3 პუნქტი შეასრულა, მანიპულაციას უწოდებდა.

ევროკომისია საქართველოს პროგრესის შესახებ საბოლოო დასკვნასა და რეკომენდაციას 2023 წლის ოქტომბერში წარადგენს, წლის ბოლოს კი ევროპული საბჭო ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები