საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: მანიპულაციაა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 შესრულდა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ შეფასება 12-დან მხოლოდ 3 შესრულებული რეკომენდაციის შესახებ მანიპულაციაა. ჟურნალისტმა პრესკონფერენციაზე კობახიძეს შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ დაუსვა კითხვა. 

"ჩვენი და ვარჰეის შეფასებებს შორის არის თავსებადობა. დეტალური ანალიზი წარმოვადგინეთ იმისათვის, რომ 12-ზე და 3-ზე კი არ გვესაუბრა სიღრმისეულად, რა შესრულდა. ყურადღებით რომ მოგესმინათ, ნახავდით, რომ 12-დან 3 არ შესრულებულა, მანიპულაციაა. 

იმისთვის წარმოგიდგინეთ სიღრმისეული ინფორმაცია, რომ ასეთი მშრალი ციფრებით აღარ გესაუბრათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ მშრალი ციფრებით საუბრობთ. ევროკომისიამ იქვე წარმოადგინა ის 18 პუნქტი, რაც არის სამომავლოდ გასაკეთებელი. იმ 18 პუნქტს თუ ჩავუღრმავდებით, ნახავთ, რომ, რეალურად, მთლიანობაში, ხარისხობრივად რაც იყო 12 პრიორიტეტი, იმის 80% არის გაკეთებული. თუ გინდათ ჩაღრმავება, 80% არის გაკეთებული. საიდან დასტურდება? 18 პუნქტია, საიდანაც 13 თუ 14 ეხება პრაქტიკის გაუმჯობესებას - გეუბნებიან, რომ არის კანონმდებლობა, კარგია, რაც გააკეთეთ აქამდე, ახლა მიხედეთ პრაქტიკას. 

რაც შეეხება მედიას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ესეც პრაქტიკაა, რაც ყოველდღიურ ყურადღებას მოითხოვს. დღემდე რაღაც არ გავაკეთეთ, ამაზე თუ არის საუბარი, არის 3 თემა - კანონმდებლობაზე გვეუბნებიან, ოღონდ კონკრეტიკა არ გვაქვს და ამიტომ ვერ გავაკეთეთ ეს სამიც. დანარჩენი, რაც შეიძლებოდა დღემდე გაკეთებულიყო, ყველაფერი გავაკეთეთ. ამიტომ არის საჭირო არა მშრალი ციფრები, არამედ სიღრმისეულად იმის გაგება, რაზეც არის საუბარი". - ამბობს კობახიძე. 

კობახიძის თქმით, თუ "მანიპულაციურ განმარტებას" გავყვებით, გამოდის, რომ უკრაინამ 7-დან მხოლოდ 2 პუნქტი შეასრულა და "საერთოდ გულგრილობა გამოუვლენია".  

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ასევე ჰკითხა მედიის თავისუფლების შესახებ რეკომენდაციაზე, რომელშიც, ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველოს არანაირი პროგრესი არ აქვს. ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვაზე კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის წევრებმა "არაერთი განცხადება" გააკეთეს, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და პირდაპირ დაგმეს ძალადობა.  

"კონკრეტულად [მიშა] მშვილდაძეზე არ მინდა საუბარი. მე ყველას მოვუწოდე, რომ ნუ შეაქვთ თავისი წვლილი პოლარიზაციაში, აგრესიის გაღვივებაში, ეს არის ძალიან ცუდი. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო აქტივიზმს ეძახიან ნებისმიერ აგრესიას.  

[...] ჩემთვის ეს არ არის სამოქალაქო აქტივიზმი, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანები დააჯერეს, რომ ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი - შეიძლება, ვიღაცას ცეცხლი წაუკიდო და ამას ეძახიან სამოქალაქო აქტივიზმს. ამ ადამიანს ესარჩლებიან. ადამიანებს უკვე ჰგონიათ, რომ ნებისმიერი ფიზიკური ძალადობა, აგრესია არის სამოქალაქო აქტივიზმი". - ამბობს კობახიძე. 

კობახიძემ ჟურნალისტი ტყუილების თქმაში დაადანაშაულა, რაც, მისივე სიტყვებით, პოლარიზაციას უწყობს ხელს.  

"მოდით, თქვენ მაქსიმალურად იზრუნეთ იმისათვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის პირველი პრიორიტეტი, ეს არის დეპოლარიზაცია. ნუ იტყვით ტყუილებს და ნუ გააღვივებთ აგრესიას". - მიმართავს კობახიძე ფორმულას ჟურნალისტს.  


ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველომ მიღებული 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ სამი აქვს შესრულებული, ნაწილობრივ - 7.

ვარჰეის განმარტებით, სრულად შესრულებულია რეკომენდაციები: 1. გენდერული თანასწორობა და ძალადობა ქალთა წინააღმდეგ. 2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინების შესახებ. 3. სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესის გამჭვირვალობის შესახებ.

მისივე სიტყვებით, 12 რეკომენდაციიდან 7-ში საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს, მათ შორის: პოლიტიკური პოლარიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირებისა და საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების, გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმების სტრატეგიულად მიღებისა და განხორციელების, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერების, ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამოქალაქო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მიმართულებით.

ხოლო მედია თავისუფლების შესახებ საუბრისას ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ამ რეკომენდაციასთან მიმართებით საქართველოს არანაირი პროგრესი არ აქვს.   

2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

ევროკომისია საქართველოს პროგრესის შესახებ საბოლოო დასკვნასა და რეკომენდაციას 2023 წლის ოქტომბერში წარადგენს, წლის ბოლოს კი ევროპული საბჭო ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რა ეტაპები მოჰყვება მას?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებმაც დეკლარირებულად გამოხატეს მათი განზრახვა, გახდნენ კავშირის სრულფასოვანი წევრები და აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. თეორიულად კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის გაწევრიანების გზის პირველი ეტაპი, თუმცა საბოლოო ინტეგრაციამდე ის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იწყება ქვეყნის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილი განაცხადით. მას მოჰყვება კითხვარის შევსება, რომელიც ქვეყნისთვის თვითრეფლექსიის დოკუმენტია და განსაზღვრავს სახელმწიფოს შესაბამისობას კოპენჰაგენის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ კრიტერიუმებთან. სწორედ ამ კითხვარზე დაყრდნობით და დამოუკიდებელი შეფასებით, ევროკომისია ქვეყნის შესახებ რეკომენდაციას წარადგენს.

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შემდეგი ნაბიჯია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხმას ანონიმურად აძლევენ. ამ ეტაპს მოჰყვება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და ქვეყნის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis). მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ყველა ჩარჩოში დასრულდება, ევროკომისია კიდევ ერთხელ წარადგენს აზრს გაწევრიანებისთვის ქვეყნის მზადყოფნის შესახებ. წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის დასტურის შემდეგ ქვეყანას გაწევრიანების ხელშეკრულება ფორმდება, იგი უნდა რატიფიცირდეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ და საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირში წევრიანდება.

კომენტარები