აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მოკვლევის დაწყების პარალელურად Reuters/Ipsos-ი აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც სექტემბერში ბაიდენის მოწონების რეიტინგი 42%-მდე გაიზარდა. ეს მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბაიდენის საქმიანობას დადებითად დემოკრატების 80 % აფასებს, მაშინ როცა რესპუბლიკელების 91% ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის საქმიანობით უკმაყოფილოა.
ახალი კვლევა ამერიკელების შეხედულებებს სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც აჩვენებს. ამერიკული საზოგადოების 23%-ის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად აშშ-ს ეკონომიკური მდგომარეობა რჩება. 13% მთავარ პრობლემად კრიმინალს და კორუფციას ასახელებს.
Reuters/Ipsos-ის კვლევა ონლაინ ფორმატით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1 029 რესპონდენტმა მიიღო.
საზოგადოებაში ბაიდენის მოწონების რეიტინგი 2021 წლის აგვისტოდან 50%-ზე დაბალ ნიშნულზეა.